26 დეკემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"კრემლის პოლიტიკა" - ოპოზიცია ჯანდაცვის სამინისტროდან პირადი მიმოწერების გავრცელების სკანდალს ეხმაურება

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის და ამერიკის საელჩოს მიმოწერის მოსკოვში მოხვედრას  თბილისში ეხმაურებიან.

ოპოზიციას კითხვები აქვს და აინტერესებს, როგორ ჟონავს ინფორმაცია საჯარო უწყებებიდან რუსულ სპეცსამსახურებსა და კრემლთან დაახლოებულ მედიასაშუალებებში.

ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, დაიწყო თუ არა საკითხის გარშემო მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტრომ.

„ეს მასალა, რაც გამოქვეყნდა, არის სტანდარტული კრემლის პოლიტიკა, რომელსაც ის იყენებს, რომ სრულიად ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს დასავლურ სხვადასხვა ორგანიზაციაზე და პანიკა დათესოს სხვადასხვა ქვეყანაში დასავლეთის წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ამისთვის გამოყენებული იქნა შიდა მიმოწერა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებიდან. ეს აჩვენებს, რომ უშიშროების და უსაფრთხოების ზომები, როგორც ჩანს, რაც შეეხება კომუნიკაციას, დაცული ვერ არის შესაბამის სამინისტროში. აუცილებლად უნდა დადგინდეს, საიდან მოხვდა ბულგარელი ჟურნალისტის ხელში ეს მასალები, რომელიც მან შემდგომ გამოიყენა რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინფორმაციის გაჟონვის პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დგას, თუმცა ამ შემთხვევაში ქართული მხარის მიერ ზომების გატარებაა მნიშვნელოვანი.

„ასეთი ნიაღვარი სრულიად აბსურდული და გიჟური სიცრუისა არის რუსული პროპაგანდის ერთი კომპონენტი, ისეთი ნიაღვარი მოაქვთ, რომ დაუჯერებელი ამბავიც კი ძალიან გააზრებული კომპონენტია ამ კამპანიის, რომ ისეთი საზოგადოებრივი კლიმატი იყოს, რომ ტყუილ-მართალი, სისულელე, სრული სიგიჟეც ამ ნარატივის ნაწილი იყოს. რაც შეეხება ჩვენს მთავრობას, მთავრობა, პირველ რიგში, რას არ უნდა შვრებოდეს, ამ ტიპის გამოცემებს, ვინც ასეთ რაღაცებს ავრცელებს, ვინც ამ ტონალობაში ზის და ასეთები ჩვენ ქვეყნის შიგნით გვყავს და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც ამასთან არის აფილირებული, არ უნდა ეთანამშრომლებოდეს, უნდა მკაფიო სახელს არქმევდეს და რაც მთავარია, ჩვენი, გადასახადების გადამხდელის ფულს არ უნდა აძლევდეს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ სპეციალური სამსახურებს სერვერების დაცვის პრობლემა არ აქვთ.

„თითქოს, სერვერების დაცვაში მოიკოჭლებს სამსახურები, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, რადგან სერვერების ამ დონეზე დაცვა თვითონ უმაღლესი დონის საიდუმლო ინფორმაციის მქონე განვითარებულ, უკიდურესად დაცულ ორგანიზაციებს საკმაოდ უჭირთ, მით უმეტეს თუ ეს მიმოწერა არ შეიცვას რაიმე საიდუმლო ინფორმაციას,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოკუპანტმა ქვეყანამ ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს წერილები პროპაგანდისტულ იარაღად აქცია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები