27 დეკემბერი 2024,   03:07
ვრცლად
„ლევანი ძალიან ნერვიულობდა მაშინ, დარბოდა, რეკავდა" - „ომეგა 2"-ის დირექტორი, "თიბისი ბანკიდან" მილიონების გატანას იხსენებს

„ომეგა 2"-ის დირექტორი, გიორგი ქურდაძე „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ფილიალიდან 4 მილიონის „ქეშად“ გატანის დღეს იხსენებს და აღნიშნავს, რომ იმედი ჰქონდათ, ახალშექმნილი კომპანიის გამო, რომელიც მკაცრ მონიტორინგს უნდა გადიოდეს, თანხის გატანის საშუალებას არ მისცემდნენ.

„კომპანია დარეგისტრირდა 19-ში. 20-ში თანხა იყო უკვე ანგარიშზე და 21-ში მივედით ბანკში გამოსატანად ამ თანხის, ეს იყო მილიონები, რა თქმა უნდა, დოლარში. საერთოდ, როცა კომპანია იხსნება, პირველი სამი თვე ის აუცილებლად ხვდება მონიტორინგის მკაცრ ჩარჩოებში იმიტომ, რომ რა თანხები მოძრაობს, რა კომპანიაა, რას აწარმოებს, საიდან მოდის, საიდან მიდის, ამ ყველაფრის კონტროლირება ხდება, განსაკუთრებით ახალგახსნილ კომპანიაზე,“ - განაცხადა ქურდაძემ.

გიორგი ქურდაძის თქმით, სპორტის ყოფილი მინისტრი, რომელიც ბანკში მათთან ერთად იმყოფებოდა, რადგან ის „ომეგა ჯგუფის“ კონსულტანტი იყო იმ პერიოდში, ძალიან ნერვიულობდა.

„ლევანი ძალიან ნერვიულობდა მაშინ, დარბოდა, რეკავდა. უნდოდა, რომ დაერეგულირებინა ეს საკითხი, რომ ფულის გამოტანა მომხდარიყო. პასუხი არ მოდიოდა. რომ გახდა უკვე 06:00 საათი, ჩვენ გაგვიხარდა, რომ ვერ გამოვიტანდით ამ თანხას ვერანაირად. შვიდის ნახევარზე დავინახეთ, რომ შემოვიდა ბანკში ხაზარაძე, ბუცხრიკიძეც და მესამე თანმხლები პირი, რომელსაც ვერ ვცნობ დღეს და არც მაშინ, ჩემთვის უცნობი პირი იყო,“ - განაცხადა ქურდაძემ.

გიორგი ქურდაძის თქმით, ბანკის ხელმძღვანელობა ზეწოლის ქვეშ იყო, რადგან ბორჯომიდან ჩამოიყვანეს ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც კანონშეუსაბამოდ იმოქმედეს.

„თქვა კიდევაც ბუცხრიკიძე ვახტანგმა, რატომ იძახის ახლა, რომ არ ახსოვს, რომ ის არღვევდა ყველანაირ წესს, კანონს და დაასახელა კიდევაც ის ყველაფერი, რა პრობლემებიც მას შეიძლება შექმნოდა, იმიტომ, რომ ის ამას აკეთებდა. არ ვიცი, მაშინ ალალად გვითხრა და ახლა არ ვიცი, ვერ გეტყვით,“ - განაცხადა ქურდაძემ.

კომპანია „ოჯითის“ დირექტორი, ნიკოლოზ ასანიძე აცხადებს, რომ როდესაც 06:00 საათი გახდა, მათ იფიქრეს, რომ თანხის გამოტანა არ მოხდებოდა, თუმცა, ლევან ყიფიანმა ის საფრთხე შეახსენა, რაც მათ წასვლას შეიძლება მოჰყოლოდა.

ასანიძე იხსენებს, რომ ლევან ყიფიანმა კითხვაზე, თუ ვის ურეკავდა, უპასუხათ, რომ გიორგი გახარიას და ოთარ ფარცხალაძეს ეკონტაქტებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები