27 დეკემბერი 2024,   02:00
ვრცლად
ვერავინ ვერ წაგვართვა ვერც 2004 წელს და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც ახლა ვერავინ ვერ წაგვართმევს - ნატო ჩხეიძემ პროკურატურა დატოვა

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ნატო ჩხეიძე სასამართლოში გამოკითხვას ითხოვს. ჩხეიძე აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფს“ ყველანაირი მტკიცებულება აქვს, რათა სიმართლე დაამტკიცოს.

ჩხეიძე ასევე საქართველოს ბანკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ომეგა ჯგუფს" ბანკის მიმართ დავალიანება აქვს. ჩხეიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ყველაფერი, ის მოქმედებები, რაც ბანკში ჩატარდა და სამწუხაროდ, ჩატარდა უკანონოდ, ყველაფერ ამის საბუთები არსებობს. რას ჰქვია, თავი აარიდო რაიმე ვალდებულებას, შესაძლებელი თავის არიდება არ არის. მე არ მესმის რას ნიშნავს თავის არიდება. „საქართველოს ბანკთან“ მე ვერ დავამთავრებ ვერაფერს იმიტომ, რომ არ ვიცი, მაგრამ მოვიკითხავ გავიგებ და ამის შემდეგ გიპასუხებთ,“ - განაცხადა ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ „ომეგა ჯგუფს“ მის ოჯახს ვერ წაართმევენ.

„2004 წელს ვერავინ ვერ წაგვართვა ბიზნესი და ის ბიზნესი დარჩა ზაზა ოქუაშვილს და „ომეგა ჯგუფს,“ ვერავინ ვერ წაგვართვა, ვერც მაშინ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვერც ახლა ვერავინ ვერ წაგვართმევს,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, „ომეგა ჯგუფი“ მზად არის საგამოძიებო უწყებებს მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხორციელდებოდა ბიზნესის და ტელეკომპანია „იბერიას“ წინააღმდეგ.

„ისე, როგორც „ომეგა ჯგუფში“ შემავალმა დირექტორებმა, ქალბატონმა ნატო ჩხეიძემაც დააფიქსირა, ერთი მხრივ, მზაობა, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მას ინფორმაცია. ამასთან, მანაც მოითხოვა, რომ ეს გამოკითხვის პროცესი ჩატარდეს სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით, აქედან გამომდინარე, დაფიქსირებულ იქნა აღნიშნული პოზიცია და შესაბამისად, ველოდებით უახლოეს პერიოდში, რომ დაბარებული იქნება ქალბატონი ნატო ჩხეიძე სასამართლოში, სადაც ის ამომწურავად ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რა ინფორმაციაც მას გააჩნია და რომელიც ხდებოდა „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ წინააღმდეგ,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები