94 წლის ასაკში ლეგენდარული ფრანგი კომპოზიტორი, შარლ აზნავური გარდაიცვალა. მისი მუსიკალური კარიერა 80 წელი გრძელდებოდა, ბოლო საკონცერტო ტურნეს მოწყობას კი საფრანგეთსა და შვეიცარიაში ნოემბერში გეგმავდა.
შარლ აზნავურმა უამრავი სიმღერა ჩაწერა შვიდ სხვადასხვა ენაზე. მათი 180 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
აზნავური კომპოზიციებს კინო-ფილმებისთვისაც წერდა. მისი სიმღერები 60 ფილმშია გამოყენებული.
კომპოზიტორს 94 ქვეყანაში აქვს კონცერტი ჩატარებული, მათ შორის საქართველოშიც. შარლ აზნავური 2012 წელს სტუმრობდა ახალციხეს და კონცერტი რაბათის ამფითეატრში ჩაატარა. რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა.