27 დეკემბერი 2024,   02:43
ვრცლად
„ათი ივანიშვილიც რომ იყოს, თუ ხალხი იტყვის არას, დამთავრდა ის ხელისუფლება" - დავით ბაქრაძე

„რამდენად აუცილებელია რომ ვიბრძოლოთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის კიდევ ერთხელ გამოაჩინა ბოლო დღეების პროცესებმა,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.

დავით ბაქრაძის განცხადებით ქვეყანაში არის ელიტური კორუფცია და დროა ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობიანი არჩევნების გზით.

„რამდენად აზრიანია ჩვენი ბრძოლა, რამდენად აუცილებელია, რომ ვიბრძოლოთ უკეთესი საქართველოს და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის კიდევ ერთხელ გამოაჩინა ბოლო დღეების პროცესებმა, როდესაც ყველამ ერთად ვნახეთ რა ხდება დღეს ხელისუფლებაში, სადამდე მივიდა დღევანდელი ხელისუფლება. ვნახეთ კორუფცია, რომელიც მოდებულია მთელს სახელმწიფო  აპარატში, ყველაზე მაღალ დონეებში. ვნახეთ თანხის გამოძალვა და სახელმწიფო რეკეტი, ვნახეთ თუ რა ხდება ხელისუფლების  უმაღლეს ეშელონებში. ამ ყველაფრის შემხედვარეს არ შეიძლება კიდევ ერთხელ არ გაგიმტკიცდეს რწმენა,  რომ საქართველოს ნამდვილად სჭირდება ცვლილებები. საქართველოს სჭირდება უკეთესი ხელისუფლება, საქართველოს სჭირდება წინსვლა და განვითარება. ამიტომ ჩვენი ამოცანაა შევცვალოთ დღევანდელი ხელისუფლება,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს თითქოს არჩევანი ცუდს და უარესს შორის ხდება რადგან ცვლილებები მოიტანს შურისძიების ტალღას, რაც მისი გამარჯვების შემთხვევაში გამორიცხულია.

„ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში შევცვალოთ ხელისულება მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ისე რომ ქვეყანაში არასოდეს აღარ დაბრუნდეს შურისძიების რევანშის ანგარიშსწორების ტალღა,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე საზოგადოების იმ ნაწილის დამოკიდებულებასაც გამოეხმაურა, რომლებიც თვლიან რომ მაინც არაფერი შეიცვლება. ბაქრაძის თქმით საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი იყო ედუარდ შევარდნაძე თუმცა მაშინ როცა ხალხმა თქვა არა, ის წავიდა. „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით არჩევნებზე მისვლა არის უმნიშვნელოვანესი.

„ათი ივანიშვილიც, რომ იყოს თუ ხალხი იტყვის არას დამთავრდა ის ხელისუფლება,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას დამატებით სამუშაო ადგილებზე და ხელმისაწვდომ განათლებაზეც ისაუბრა. 

 

 

 

დღის ამბები