27 დეკემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ე.წ. სამართლიანობის აღდგენა - ბიძინა ივანიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისგან 4 მილიონს ითხოვდა  

4 მილიონი - ეს არის თანხა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისგან ე.წ. სამართლიანობის აღდგენის სანაცვლოდ პირადად მოითხოვა. გეგმა იყო, რომ „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი დაიბრუნებდა ბიზნესს, თუმცა ამისთვის დიდი ხარკის გადახდა მოუწევდა. ივანიშვილის გზავნილი ზაზა ოქუაშვილთან თავდაპირველად ლევან ყიფიანმა მიიტანა. სპორტის ყოფილი მინისტრი ივანიშვილსა და ოქუაშვილს შორის შუამავალი იყო და ამაში ფულს იღებდა.

ლევან ყიფიანის შუამავლობით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა შუშის სასახლეში შედგა. ოლიგარქთან მისულმა ბიზნესმენმა ამავე შეხვედრაზე ნახა მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი და მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც მოგვიანებით ივანიშვილის დავალებების ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი გახდა.

ის, რომ ოქუაშვილის ბიზნესში არსებული ხარვეზი მოგვიანებით „ომეგა ჯგუფზე“ ე.წ. რეკეტის მიზნით გამოიყენეს, ამაში ოქუაშვილი ივანიშვილთან მეორე შეხვედრის დროს დარწმუნდა. ბიზნესმენი იხსენებს, რომ ივანიშვილს საკუთარი მიზნები უკვე აღარ დაუმალავს და ის ცდილობდა აეხსნა ოქუაშვილისთვის, როგორ სურს გააკონტროლოს ყველაფერი. ივანიშვილმა მეორე შეხვედრაზე პირადად მოსთხოვა ოქუაშვილს 4 მილიონი.

მეორე შეხვედრა ივანიშვილთან გაცილებით დაძაბული აღმოჩნდა. „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი იხსენებს, რომ მისი პასუხით უკმაყოფილო და გაღიზიანებულმა ოლიგარქმა რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გახარიას. არასასიამოვნო შეხვედრა ივანიშვილთან მის რეზიდენციაში მიმდინარეობდა.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილი დარწმუნდა, რომ ზაზა ოქუაშვილი მისთვის 4 მილიონის გადახდას არ გეგმავდა, საქმეში სადამსჯელო რაზმი და ოთარ ფარცხალაძე ჩაერთო. ყოფილი მთავარი პროკურორი „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელს შეიარაღებული და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გარემოცვაში ხვდება და მას ივანიშვილის დანაბარებს გადასცემს. ფარცხალაძე ადასტურებს, რომ ის ივანიშვილის წარმომადგენელი და ნდობით აღჭურვილი პირია.

ოქუაშვილისგან იმედგაცრუებულმა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელებზე ზეწოლა და მუქარა დაიწყეს. ბიზნესმენმა თანხის გადახდა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დარწმუნდა, რომ საქმე ჰქონდა კრიმინალურ ჯგუფთან. 

დღის ამბები