27 დეკემბერი 2024,   01:52
ვრცლად
ივანიშვილს ეგონა, რომ ყველას „დააჩმორებდა“ და აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილი არის ქართველი კაცი ღირსებით - მიხეილ სააკაშვილი

„ისინი ახლა თამაშობენ აპათეაზე. მათ აღარ აქვთ იემდი, რომ „ქართულ ოცნებას“ ვინმე მისცემს ხმას,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მმართველ გუნდს აქვს გათვლა იმაზე, რომ საზოგადოება არჩევნებზე არ მივიდეს.

მიხეილ სააკაშვილმა წინასაარჩევნო პროვოკაციებზე ისაუბრა, რომელსაც 2012 წლისთვის „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.

„ეს ხალხი მოვიდა პატარა, 3 თვის ბავშვის მკვლელობით, მე კარგად მახსოვს, არჩევნებამდე 2 დღით ადრე, მივფრინავდი თბილისიდან ბათუმში, ბოლო დღეები იყო, როცა ჩვენს მშენებლობებს ვათვალიერებდი და მოვიდა ინფორმაცია, რომ 3 თვის ბავშვი მოკვდა, იქ დგას ალასანია, იქ დგას ბერიკაშვილი, ყვირიან რომ სააკაშვილმა მოკლა. შემომხედა ჩემმა თანამშრომელმა და მითხრა, ახლა რაღა უნდა ვთქვათო, მართალი გითხრათ, მეც არ ვიცოდი, რა უნდა გვეთქვა. რა უნდა გვეთქვა იმაზე, რომ 3 თვის ბავშვი არ მოვკალით და არ ჩავახრჩე ქვევრში. ეს მოკლა ივანიშვილმა, ამაში საერთოდ ეჭვი არ მეპარება ახლა იმიტომ, რომ მათ არ გამოიძიეს ეს, მათ ყველაფერი მიჩქმალეს, არ არის ტიპიური რუსული მოქმედება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ არჩევნებისთვის მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

მიხეილ სააკაშვილმა გარდა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისა, ქვეყანაში არსებულ სხვა გამოწვევებზეც ისაუბრა. ენმ-ის ლიდერის თქმით, ქვეყანაში საბანკო მაფია არსებობს.

„ხომ ვიძახოდი, რომ საბანკო მაფია არის ივანიშვილის მაფია. საქმე საქმეზე რომ დასჭირდა, ეს „თიბისი“ და „საქართველოს ბანკიც“ დაუდგა იმიტომ, რომ ისინი კრედიტების მეშვეობით ძარცვავენ ხალხს. მელამ დაიმოწმა თავის კუდებიო, ეს არის ერთი დანაშაულებრივი ორგანიზაცია, „საქართველოს ბანკიც,“ „თიბისიც,“ ივანიშვილის „ქართუ ბანკიც,“ რუხაძის ბანკი „ლიბერთი,“ რომელსაც მე მოვუგე ჰოლანდიაში,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საზოგადოება უნდა მობილიზდეს და ამხილოს მმართველი პარტია, მათ შორის, თუნდაც ჩანაწერების მეშვეობით, ისევე, როგორც ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა. მან ასევე ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ რეკეტის შესახებ ხმამაღლა ისაუბრონ. სააკაშვილის თქმით, უნდა შეიქმნას "თვითდაცვის საზოგადოებრივი მშვიდობიანი ორგანიზაცია."

„ივანიშვილს ეგონა, რომ ყველას „დააჩმორებდა“ და აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილი არის ქართველი კაცი. მე ამ კაცს არ ვიცნობდი მაინც და მაინც... დავინახე, რომ ეს არის კაცი თავის ღირსებით. ქართველებს ისე ვერ "დააჩმორებენ", როგორც რუსებს,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

დღის ამბები