26 დეკემბერი 2024,   16:10
ვრცლად
ქველმოქმედებას შემოწირულობების მხოლოდ 30% ხმარდებოდა - პროკურატურა "იავნანას" საქმეზე განცხადებას ავრცელებს 

"ფონდ იავნანას" საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვაზე დაბარების მიზეზებია განმარტებული. ნათქვამია, რომ გამოძიება საქველმოქმედო ფონდ იავნანას ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს. 

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების მიზანია დაადგინოს რა სახსრები მიიღო ფონდმა 2004-2017 წლებში და აღნიშნული სახსრები გამოიყენა თუ არა ფონდის ინტერესების სასარგებლოდ. 

"პირველი ეპიზოდი შეეხება  პ.ბ.-ს და მისი მეუღლის ა.ვ.-ს​ მგზავრობის ხარჯების ფონდის კუთვნილი თანხებიდან ანაზღაურებას. უნდა აღინიშნოს, რომ  პ.ბ.-ს და მისი მეუღლის ა.ვ.-ს​ მხოლოდ მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდმა დახარჯა 700 000 ლარამდე, იმ პირობებში, როდესაც დაუდგენელია ა.ვ.-ს​ როლი ფონდის საქმიანობაში. მეორე ეპიზოდი ეხება საქართველოში  პ.ბ.-ს სასარგებლოდ გაწეულ სასტუმრო მომსახურების ხარჯებს. დაუსაბუთებელია, ფონდის სახსრებიდან რატომ უნდა დახარჯულიყო  პ.ბ.-ს სასტუმროს მომსახურების დასაფარად დაახლოებით 40 000 ლარი. გაუგებარია და გარკვეულ ეჭვებს აჩენს ფონდის რომელ მიზანს ემსახურებოდა  პ.ბ.-ს ცხოვრება თუ სხვა სახის მომსახურება სასტუმროში, მითუმეტეს, რომ პ.ბ.-ს საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფონდს - კეთილმოწყობილი ოფისი, სადაც შესაძლებელი იყო შეხვედრების გამართვა და მოლაპარაკებების წარმოება. ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემის ეპიზოდზე. აღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ფონდს გადაეცა სიმბოლურ ფასად, რათა ამ უკანასკნელს ქონება გამოეყენებინა ფონდის მიზნებისათვის. ამ ნაწილში დგინდება, რომ ფონდმა ერთ-ერთ საწარმოს იჯარით გადასცა ხსენებული უძრავი ქონება, სადაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა რესტორანი, იჯარიდან მიღებული შემოსავალი კი უნდა გამოეყენებინა ფონდის საქველმოქმედო მიზნებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო და მისი ქვემოიჯარე საკმაოდ რენტაბელურ საწარმოებს წარმოადგენდნენ, ისინი დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ჯეროვნად არ ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს - ფონდს სრულად არ უხდიდნენ იჯარის თანხას, თუმცა მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება საწარმოსთან არ შეწყვეტილა, უფრო მეტიც, საწარმოს მიეცა საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა,"-ნათქვამია განცხადებაში. 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, გამოძიების მიერ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული დოკუმენტაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქველმოქმედო ფონდში 2004-2017 წლებში მოზიდული შემოწირულობების დაახლოებით მხოლოდ 30 პროცენტი ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ხოლო დანარჩენი თანხები ხმარდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურებასა და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს.

"აღსანიშნავია, რომ ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები  პ.ბ.-ს მეუღლის, ა.ვ.-ს​ სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ა.ვ.-სთვის​ ანაზღაურებული ავიაბილეთების ღირებულება, ხელფასი და სხვა ხარჯი ჯამურად 254 000 ლარს შეადგენს, ასევე გადახდილი ხელფასი - დაახლოებით 25 000 ლარს, და სხვა ხარჯი - დაახლოებით 337 000 ლარს,"-ნათქვამია განცხადებაში. 

პროკურატურაში ამბობენ, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად დასკვნით ეტაპზეა. მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმის გამოძიების ფარგლებში, პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ანგელა ვასილენკო ჩვენებას სასამართლოს 8 ოქტომბერს მისცემს.

მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ბურჭულაძის მეუღლე დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც მსოფლიო ბანმა ტელეეთერებში ბიძინა ივანიშვილი მწვავედ გააკრიტიკა და საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერა ოპოზიციას გამოუცხადა.

დღის ამბები