26 დეკემბერი 2024,   15:50
ვრცლად
პაატა ბურჭულაძის მეუღლეს დაკითხვაზე იბარებენ - მსოფლიო ბანი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

მსოფლიო ბანი ხელისუფლებას მის წინააღდეგ ახალი იერიშის დაწყებაში ადანაშაულებს. პაატა ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ „ფონდ იავნანას“ საქმე თაროდან პროკურატურამ მხოლოდ იმის გამო ჩამოიღო, რომ მან მხარი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭირა და ბიძინა ივანიშვილი მწვავედ გააკრიტიკა. პროკურორები ბურჭულაძის სახლში გუშინ ღამით მივიდნენ და დაკითხვაზე მისი მეუღლე ანგელა ვასილენკო დაიბარეს.

პაატა ბურჭულაძის ცოლი დღეს დაკითხვაზე არ მისულა, მას უკვე შეძენილი ჰქონდა უცხოეთში გასამგზავრებელი ბილეთი, ამიტომ გადაწყდა, რომ ანგელა ვასილენკოს სასამართლოში ჩვენების მისაცემად 8 ოქტომბერს დაიბარებენ. უფლებადამცველი ამბობს, რომ ვასილენკოს გამოძიებისთვის მოსაყოლი ბევრი აქვს. საპირისპიროს ამტკიცებს პროკურორი, რომელიც ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის მეუღლე გამომძიებლების კითხვებს თავს არიდებს.

„ფონდ იავნანას“ წინააღდეგ გამოძიება თანხების გაფლანგვისა და მითვისების მუხლით ორი წლის წინ დაიწყო, რის გამოც ფონდი სრულფასოვან საქმიანობას ვეღარ ეწევა.

პაატა ბურჭულაძეზე ზეწოლის ახალი ტალღა, მას შემდეგ დაიწყო, რაც მას ღია მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა. ვაშაძე აცხადებს, რომ პროკურატურას მსოფლიო ბანის დევნის ბრძანება ივანიშვილმა მისცა.

ხვალ პაატა ბურჭულაძე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების შეხვდება, შეხვედრას დაესწრება დიპლომატიური კორპუსიც. საუბრის მთავარი თემა ხელისუფლების მიერ მსოფლიო ბანზე განხორციელებული ზეწოლა იქნება.

დღის ამბები