26 დეკემბერი 2024,   16:33
ვრცლად
შიმშილობის მეორე კვირა და თვითდაზიანებები - გლდანის მერვე საპყრობილეში ორმა პატიმარმა პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართა

პატიმრები დაჩი დიდიძე და ბექა გელხაური უკვე მეორე კვირაა შიმშილობენ. მათ გლდანის მერვე საპყრობილეში მძიმე თვითდაზიანებები აქვთ. ორივე მსჯავრდებული შიმშილობს, მათ ადვოკატი ჰყვება, რომ უყურადღებობის გამო მათ პროტესტის უკიდურეს ზომასაც მიმართეს და ლითონის საგნები გადაყლაპეს. ორივე მსჯავრდებულს თავისი მოთხოვნა აქვს.

გელხაურს საპროცესოს გაფორმება მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სურს. დიდიძე კი ითხოვს, მისი გაჭიანურებული საქმის შესახებ ინფორმაცია პარლამენტმა მიიღოს. მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ისინი ქირურგიულ ჩარევაზე უარს ამბობენ.

ბექა გელხაური სასჯელს იარაღის უკანონო ტარებისთვის იხდიდა, ციხეში კი პატიმრის წამებისთვის ბრალი დაუმძიმეს. 

დაჩი დიდიძის ოჯახის წევრები, ბრალდებულის მეორე საქმის, პოლიციელების მხრიდან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის საქმის გადაწყვეტილებას უკვე ორი წელია ელოდებიან. რატომ და რის გამო ჭიანურდება საქმეზე ძიება არ იციან. დაჩი დიდიძე დღემდე ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა მისი დაკავებისას ძალა გამოიყენეს, სასაფლაოზე სასტიკად გაუსწორდნენ და დააპატიმრეს. ძიება პოლიციელების წინააღმდეგ გასული წლის აგვისტოში მტკიცებულებების არარსებულობის გამო დაიხურა. თუმცა მალევე, პატიმრის 6 თვიანი შიმშილობის გამო განახლდა.

პატიმრები ციხეში ეკა ბესელიასა და სახალხო დამცველის შესვლას ითხოვენ.

გელხაურისა და დიდიძის მოთხოვნები მთავარი ადრესატისთვის ცნობილია. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არ აპირებს. დეპუტატს სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი აქვს.

დღის ამბები