26 დეკემბერი 2024,   16:14
ვრცლად
"სვეტის" დამფუძნებელს და გენერალურ დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ 

სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მან სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არ დააკმაყოფილა ბრალდებულების გივი ჯიბლაძის და თორნიკე ჯანელიძის ადვოკატების თხოვნა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

როგორც მოსამართლემ განმარტა, არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე და ასევე საშიშროება, რომ მათ არ ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

მოსამართლეს თავად ბრალდებულებმაც მიმართეს და აღნიშნეს, რომ ისინი აქამდეც თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და არსად წასვლას არ აპირებენ. 

„არასოდეს ჩვენ არ ვყოფილვართ იმ პოზიციაში რომ არ გვეთანამშრომლა გამოძიებასთან. პირიქით,  ყველა დოკუმენტაცია როდესაც იყო ამოღებული სასამართლო განჩინების შემდგომ, ამის შემდგომ დამატებითი განცხადებებით მივმართეთ საგამოძიებო სამსახურს და კიდევ დამატებითი დოკუმენტაციები წარვადგინეთ,“-განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა. 

დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ამით შპს სვეტი როგორც ბიზნესსუბიექტი დასრულდა და ეს იყოს სასამართლოს ნამუსზე და სინდისზე,"-განაცხადა ბრალდებულების ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა. 

გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე ბრალს არ აღიარებენ. გამოძიება მათ მენაშენეების მილიონობით ლარის უკანონო დაუფლებას ედავება. 

დღის ამბები