26 დეკემბერი 2024,   15:59
ვრცლად
მედიკოსების მიერ გადარიცხული ათასობით ლარი ზურაბიშვილის კამპანიისთვის - ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკის მფლობელი "ქართული ოცნების" დეპუტატია 

ჩაჩავას და ღუდუშაურის სახელობის კლინიკები, რომლის ექიმებმაც ათობით ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე გადარიცხეს „ქართული ოცნების“ დეპუტატს ელგუჯა გოცირიძეს ეკუთვნის. გოცირიძე ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატია და პარალელურად ფლობს ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების წილებს.

ელგუჯა გოცირიძე აცხადებს, რომ მითითება მენეჯმენტისთვის არავის მიუცია, რომ კლინიკის წარმომადგენლებს სალომე ზურაბიშვილისთვის თანხა გადაერიცხათ.  მას ასევე უკვირს რატომ ხედავს მედია მის კავშირს კლინიკების ექიმების გადაწყვეტილებაზე. ელგუჯა გოცირიძე აცხადებს, რომ ის მხოლოდ ხელფასები გაცემა- არ გაცემის საკითხს კურირებს და კლინიკის მენეჯმენტში არ ერევა.

„მენეჯმენტმა თუ რაიმე დავალება მისცა რაც ჩემთვის არ არის სარწმუნო მე რა შუაშია ვარ. მე მენეჯმენტში არ ვმონაწილეობ. როგორც აქციონერი და მოწილე, მე შეიძლება მაინტერესებდეს და მაინტერესებს ხელფასი არ გაიცეს მეტი და ვინ რა ვის შესწირა და რა დაფიქსირდა რა ჩემი საქმეა ეს. რატომ უნდა მეთხოვა მე არ მესმის ეს. მე ასეთ რაღაცეებში არ ვმონაწილეობ. მეთხოვა რა, დამიჯერებდნენ ისინი რომ მეთხოვა? ადამიანებს აქვთ თავისი შეხედულებები და მე  არ ვცდილობ რომ მით უმეტეს თანხის ჩარიცხვა-გადარიცხვაზე მე ჩავერიო,“-განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ. 

კითხვაზე აპირებს თუ არა თავადაც, რომ გაიღოს თანხა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის, ელგუჯა გოცირიძე აცხადებს, რომ ჯერ საკუთარ ფინანსებს უნდა გადახედოს.

„უნდა გადავხედო ჯერ, არ ვიცი ზუსტად. არ დავფიქრებულვარ ამის თაობაზე ამ ეტაპამდე. ახლა ამ კითხვების შემდგომ შეიძლება ვიფიქრო რაღაცაზე ან დახმარებაზე ან შემოწირულობაზე . ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღემდე არც კი დავფიქრებულვარ ამაზე,“-განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ.

სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირული მილიონის ნაწილი ექიმებზე მოდის. პარტია „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატის დაფინანსებაზე ძირითადად ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების მედ პერსონალმა იზრუნა. რიგითმა ექიმებმა  ზურაბიშვილს 2-3 ოქტომბერს  6000- დან 7000 ათას ლარამდე თანხა შესწირეს.

პირადი საუბარში მედიკოსები ამბობენ, რომ თანხა მათ არ შეუწირავთ და ფული მენეჯმენტმა მისცა, რომელიც საბოლოოდ  სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ყულაბაში ჩაირიცხა. 

დღის ამბები