26 დეკემბერი 2024,   16:23
ვრცლად
გლდანის ციხეში გარდაცვლილი პატიმარი - ოჯახი პოლიციელებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სავარაუდოდ მალე კიდევ ერთი გახმაურებული ინციდენტის შესწავლა მოუწევს. 46 წლის პატიმრის ოჯახი ძალოვანებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს, რაც მათი თქმით, ალიმხან ახმედოვების გარდაცვალების მიზეზი გახდა. ახმედოვი პირველ ოქტომბერს გლდანის პენიტენციური სამსახურის N18-ე სამკურნალო დაწესებულებაში გულის შეტევით გარდაიცვალა.

46 წლის მამაკაცი 3 სექტემბერს, 18 წლის ვაჟთან და ლეიკემიით დაავადებულ ძმისშვილთან ერთად, დედოფლისწყაროში დააკავეს. ახმედოვების ოჯახი ამტკიცებს, რომ ისინი ჯერ დაკავებისას, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავებმა სცემეს.

პოლიციასთან დაპირისპირება დედოფლისწყაროში 3 სექტემბრის ღამეს მოხდა. ახმედოვები ნასვამ მდგომარეობაში დედოფლისწყაროში მაღაზიასთან იყვნენ, როდესაც პოლიცია მივიდა და საბუთების წარმოდგენა მოსთხოვა. ახლიმან ახმედოვის ოჯახის ინფორმაციით, დაკავების დროს სამართალდამცველებმა ახლიმან ახმედოვის დახრჩობა სცადეს, თუმცა მამაკაცმა პოლიციელს ხელზე უკბინა.

ამის შემდეგ ის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს, რა დროსაც ახლიმან ახმედოვს ინფარქტი განუვითარდა და აუცილებელი გახდა მისი წნორის საავადმყოფოში გადაყვანა. 

მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსებმა სამართალდამცველებს დაკავებულის დაკითხვის უფლება არ მისცეს, მას ჩვენება მაინც ჩამოართვეს და კლინიკის პალატაში სასამართლო სხდომაც გაიმართა, სადაც სამივე დაკავებულს წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა მიესაჯათ. აქედან ერთ თვეში ახლიმან ახმედოვი ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტალიქ ქალიმოვი ამტკიცებს, რომ ამ ინციდენტიდან ორი კვირის შემდეგ დედოფლისწყაროში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პოლიციელებმა ისიც სცემეს. დაემუქრნენ და უთხრეს, რომ მის მეგობრებზე გაბრაზებულები იყვნენ და ახლა მას უსწორდებოდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელები ლევან ივანიძე და გიორგი ბიკაშვილი დაზარალებულად არიან ცნობილი. მასალებით, ახმედოვებმა ისინი სცემეს. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს პალატაში გამართულ პროცესზე სამივე დაკავებული ამტკიცებდა, რომ ნაცემი იყო, სამედიცინო ექსპერტიზა მხოლოდ პოლიციელებს ჩაუტარდათ.

პოლიციელების მხრიდან სავარაუდო გადაცდომაზე მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ამ დრომდე არ დაწყებულა.

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები