26 დეკემბერი 2024,   15:48
ვრცლად
"ომეგა ჯგუფის" სკანდალური საქმე - პროკურატურა აუდიო ჩანაწერების მონტაჟზე, ომეგა ჯგუფი კი მასალის არასათანადო კვლევაზე საუბრობს 

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ორმაგი ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა - დღეს პროკურატურამ ექსპერტიზაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ომეგა ჯგუფის საქმეში არსებული სკანდალური ჩანაწერები, სადაც სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე განხორციელებულ რეკეტზეა საუბარი დამონტაჟებულია.

დასკვნის მიხედვით მოსაუბრეთა  მეტყველებაში მრავლობით შეინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსიტყვაობაც და არათანმიმდევრულობა, ასევე სიტყვების და ფრაზების წყვეტა.

დოკუმენტს ენდობიან მმართველ გუნდში. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ „ქართული ოცნება“ ჩანაწერის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს და მასში პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს. მმართველი გუნდისგან განსხვავებით ჩანაწერების ავთენტიკურობაში ეჭვი არ ეპარება ოპოზიციას.

მედიაში გავრცელებული ჩანაწერები, რომ დამონტაჟებულია ამას არ უარყოფენ „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები. გენერალური მენეჯერის თქმით, ექსპერტიზამ არასათანადო ჩანაწერები შეისწავლა და შესაბამისად დასკვნაც არასათანადო მასალებზე მომზადდა. კომპანიის უფლებადამცველის განმარტებით, საუბრები ხანგრძლივია და მხოლოდ მთავარი ეპიზოდებია ამოკრეფილი. მისი თქმით, მთავარი არა მონტაჟი, არამედ წინადადებების უწყვეტობაა.

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება დასკვნით ცდილობს, საუბრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ლევან ყიფიანი გაამართლონ.

გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის დეპუტატმა. ანა გომესის განცხადებით,  სპორტის ყოფილი მინისტრის მონაწილეობა სატელეფონო საუბრებში აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა იმალებოდეს უფრო მნიშვნელოვანი, რაც კანონის უზენაესობასთან შეუსაბამოა.

"ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა პრეზიდენტიც. 

ლევან ყიფიანს ზურგი შეაქციეს! - ასეთია გიორგი მარგველაშვილის პოზიცია. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ თანამებრძოლი გაწირა.

“ომეგა ჯგუფის“ ინიციატივით ჩანაწერების ნამდვილობას ალტერნატიული ექსპერტიზა სწავლობს. დასკვნას ევროპელი ექსპერტები უახლოეს დღეებში მოამზადებენ. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები