26 დეკემბერი 2024,   22:47
ვრცლად
"ეს არჩევნები არის თითოეული თქვენგანის არჩევნები, რომ უთხრათ უარი ჭაობს, უპერსპექტივობას, უკუსვლას" - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს თბილისში შეხვდა, სადაც ამომრჩეველს პროგრამის პრიორიტეტები და ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო გააცნო. 

პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ დღეს ქვეყანას ცვლილებები და იმ რეალობის შეცვლა სჭირდება, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. ბაქრაძის თქმით, დღეს საზოგადოებაში გაჭირვება და უპერსპექტივობის განცდაა.

„ხალხო, არ არსებობს შეჩვეული ჭირი, არ არსებობს მუდმივი პრობლემა, ჭირი შეგვეჩვევა მხოლოდ მაშინ, თუ შევიჩვევთ, პრობლემა შეგვეჩვევა მხოლოდ მაშინ, თუ შევიჩვევთ. ამიტომ, გამოსავალი არის ერთი, არ უნდა შევიჩვიოთ, მაგრად უნდა ვიყოთ, უნდა ვიბრძოლოთ, შევცვალოთ და წავიდეთ წინ, ეს არის გამოსავალი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ 28 ოქტომბრის არჩევნებით ამომრჩეველმა უარი უნდა უთხრას იმ უპერსპექტივობას, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

„ეს არჩევნები არ არის პრეზიდენტის არჩევნები, არ არის ერთი კაცის არჩევნები. ეს არჩევნები არის თითოეული თქვენგანის არჩევნები, რომ უთხრათ უარი ჭაობს, უპერსპექტივობას, უკუსვლას და იმ ყველაფერ, რაც დღეს ხდება ქვეყანაში,“ - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და იმ მნიშვნელობაზე ესაუბრა, თუ რატომ უნდა დააფიქსიროს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პოზიცია.

„მთავარია, გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას წაიყვანს წინ. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ 28 ოქტომბერი,“ - აღნიშნავს ბაქრაძე.

დავით ბაქრაძე ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ ლაპარაკობს იმ საკითხებზე, რომელიც დღეს ქვეყანას მართლაც სჭირდება. მისი თქმით, მმართველი გუნდი ხალხს მხოლოდ წარსულის პრობლემებზე ესაუბრება.

„ეს არის ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტი დღეს, რომ წარსულის დემონიზაციით და წარსულის დაშინებით ადამიანებს დააკარგვინოს მომავალი. ამას აკეთებს დღეს ქართული ოცნება. შეგაშინოთ წარსულით და წარსულით დაგაკარგვინოთ მომავალი. სხვას ვერაფერზე ვერ ლაპარაკობს ქართული ოცნება, ვერ ლაპარაკობს მომავლის გეგმაზე, ხედვაზე, ვერ ლაპარაკობს პროგრამაზე, ვერ ლაპარაკობს რას გააკეთებს ხალხისთვის, რამხელა იქნება პენსია, ვინ იქნება დასაქმებული, როგორ იცხოვრებს ეს ქვეყანა, ვერაფერზე ვერ ლაპარაკობს. ერთადერთი რამეზე ლაპარაკობს დღევანდელი ხელისუფლება, რომ ცუდი წარსულით გვაშინებს კიდევ უფრო უარესი მომავლით,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები