27 დეკემბერი 2024,   07:15
ვრცლად
ფარული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილია - ბრიტანეთის ლაბორატორია ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმეში აუდიოფაილები ნამდვილია

ომეგა ჯგუფის წარმომადგენლებმა ბრიტანული საექსპერტო ბიუროდან დასკვნა მიიღეს. ბრიტანეთის ერთ-ერთმა ცნობილმა ლაბორატორიამ ფარული ჩანაწერების ნამდვილობა რამდენიმე კრიტერიუმით დაადასტურა.   

24-გვერდიანი დოკუმენტი ფარული ჩანაწერების ორ ეპიზოდს ეხება. ავთენტურობის დასადგენად პირველ ეტაპზე ექსპერტიზაზე ორი ყველაზე ხმაურიანი ჩანაწერი გაიგზავნა - ერთი მათგანი მმართველი პარტიის საარჩევნო ყულაბაში ერთი კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრის გადარიცხვას ეხება. ჩანაწერში ირაკლი ჩუბინიშვილი ქართულ ოცნებაში ფულის გადარიცხვის სქემას ზაზა ოქუაშვილს აცნობს.

დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი ექპერტიზის ჩატარების მეთოდი და საკვლევი მასალის თანმიმდევრულობა.

მეორე ჩანაწერი კი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დეტალებს ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უყვება. ჩუბინიშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ თბილისის თამბაქოს 26-მილიონიანი საგადასახდო ვალდებულება მოეხსნა.

ჩხარტიშვილის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა, კი ბრიტანულ ბიუროში რუსთავი2-ისა და იბერიას რეპორტაჟები გადააგზავნა, სადაც მონტაჟის კვალი ფიქსირდება. სიუჟეტები რომ დამონტაჟებულია, ეს ჩხარტიშვილის ადვოკატმა თავიდანვე იცოდა, თუმცა, მას ტელევიზიიდან სრული მასალა არ გამოუთხოვია.

ზაზა ხატიაშვილი ამტკიცებს, რომ ჩანაწერი ყალბია და ტელეკომპანიების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ზაზა ხატიაშვილის მიერ ექსპერტიზაზე გაგზავნილი ჩანაწერები კიდევ ერთ საექსპერტო ბიუროს ომეგა ჯგუფის მენეჯერებმაც წარუდგინეს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მონტაჟი ჟურნალისტების თავისუფლების სტანდარტში ჯდება და ეს ჩანაწერის არაავთენტურობას არ ნიშნავს.

ომეგა ჯგუფის სკანდალური ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურება ოპოზიციისთვის ქვეყანაში ბანდიტური დაჯგუფების მიერ ბიზნესის რეკეტის ოფიციალური დადასტურებაა.

მმართველი პარტიაში კი ომეგა ჯგუფის მიერ გასაჯაროებულ დასკვნას არ იცნობს და აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილს არ ენდობიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები