27 დეკემბერი 2024,   07:31
ვრცლად
"მართალია, ნიკა გვარამიას ბევრი აკლია გებელსამდე, მაგრამ ნაცპროპაგანდის სტილით მუშაობს" - არჩილ თალაკვაძე

ირაკლი კობახიძის შემდეგ ნიკა გვარამიას ფაშისტად უკვე მმართველი გუნდის სხვა წევრებიც მოიხსენიებენ.

არჩევანთან ინტერვიუში არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ სწორედ ფაშისტური სტილი აქვს ნიკა გვარამიას და ის არის რეალურად პარტიული ლიდერი.

„ეს ადამიანი რეალურად არის ოპოზიციური პარტიის წევრი, ერთ-ერთი ლიდერი და პარტიული ტელევიზიის ხელმძღვანელი და ეს ადამიანი პირდაპირ, პირადი განცხადებით აანონსებს საზოგადოების წვერების შევიწროებისკენ, მათი დევნისკენ. ეს სტილი გარიყვაა ადამიანების, დევნაა და ეს სიტყვები ყველას გვეცნობა, ეს არის სწორედ ის და იმ შეფასებას იმსახურებს, რომელიც გააკეთა ირაკლი კობახიძემ. ამ ტერმინებს ფაშიზმთან ძალიან ბევრი რამე აკავშირებს. მართალია, ნიკა გვარამიას შესამჩნევად ბევრი აკლია გებელსამდე, მაგრამ გავიხსენოთ, ნაცპროპაგანდის სტილი რა იყო. ეს იყო სტილი, როდესაც ერთხელ ნათქვამი ტყუილია, მაგრამ თუ ამ ტყუილს ათასჯერ გავიმეორებთ, ის აღარ არის ტყუილი,“ -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ამ სტილით მუშაობს ნიკა გვარამია.

მან არ უპასუხა არჩევანის წამყვანის, გიორგი გაბუნიას, შეკითხვას, რომელმაც სთხოვა არჩილ თალაკვაძეს, დაეზუსტებინა იყო თუ არა გებელსი ფაშისტი.  

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამია არ არის რიგითი ადამიანი და მისი განცხადებები პირდაპირ წარმოადგენს ტელევიზიის პოზიციას.

„მან გააკეთა ეს განცხადებები რუსთავი2-ის ბანერებთან. ის წარმოადგენს ტელევიზიის და პარტიის პოზიციას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა ის 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ეს, უბრალოდ, ჭორია.

არჩილ თალაკვაძე ირაკლი კობახიძის მესამე სექტორისადმი გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ფაშისტებად მოიხსენია.

მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ მესამე სექტორი ობიექტური კრიტიკით უნდა იყოს დაკავებული და ის ბევრს იცნობს, ვინც სწორედ ამ საქმიანობით არის დაკავებული. თუმცა, არჩილ თალაკვაძის თქმით, კონკრეტული მაგალითების გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის შეფასება იყო სამართლიანი.   

„ეს რომ ნებისმიერი სხვა ტელევიზიის ხელმძღვანელს გაეკეთებინა, ამაზე ხომ იქნებოდა მყისიერი რეაგირება. მეორე მაგალითი არის, როდესაც ტელევიზიის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია, ემუქრება მოქალაქეებს, საუბრობს მათ შევიწროებაზე, ეძახის ხალხს მოღალატეებს. რეალურად ფსიქოლოგიური ზეწოლა არის, მაგალითად, ექიმებზე და მაინტერესებს, ეს ჯდება თუ არა დემოკრატიის პრინციპებში. ამაზე მე, პირადად, ვერ დავინახე პრინციპული შეფასებები,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ის ეთანხმება ირაკლი კობახიძეს მის შეფასებებში.

„მე მთლიანად მხარს ვუჭერ ირაკლი კობახიძეს. ის არის მომავლის პოლიტიკოსი, რომელიც ადეკვატურ შეფასებებს აკეთებს კონკრეტულ საკითხებზე,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამია "ფაშისტად" მას შემდეგ მოიხსენია, რაც რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ყველა ის პირი, ვინც სალომე ზურაბიშვილის  საარჩევნო კამპანია დააფინანსა, საზოგადოებისგან უნდა იყოს გარიყული. 

დღის ამბები