27 დეკემბერი 2024,   03:14
ვრცლად
თუ რუსეთი დატოვებს ევროსაბჭოს, რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ მიმართონ ევროპულ სასამართლოს - ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა კითხვებს უპასუხა 

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა დღეს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა. ტორბერნ იაგლანდის მისამართით დასმული კითხვების უმეტესობა რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერებას და ამ საკითხის გამო ასამბლეაში შექმნილ ვითარებას შეეხებოდა.

გენერალური მდივნის შეფასებით, თუ რუსეთი ორგანიზაციას დატოვებს, ამით მხოლოდ მისი მოქალაქეები დაზარალდებიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროსაბჭო ძალიან ეხმარება რუსეთის მოქალაქეებს, მიმდინარეობს მონიტორინგი ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და გარდა ამისა, სწორედ ევროსაბჭო ადევნებს თვალყურს, თუ რა მდგომარეობაში არიან პატიმრები რუსეთის ფედერაციის ციხეებში.

ამის მიუხედავად, იაგლანდმა აღნიშნა, რომ სწორედ დეპუტატების გადასაწყვეტია, უნდა ჰქონდეს თუ არა ხმის უფლება რუსეთის დელეგაციას.

„თუ რუსეთი დატოვებს ევროსაბჭოს, რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ მიმართონ ევროპულ სასამართლოს, ჩვენ ვეღარ შევძლებთ მუდმივი მონიტორინგის ჩატარებას რუსეთის საპატიმროებში, რის წყალობითაც მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვნახავთ ევროპაში ახალ გამყოფ ხაზს, მაგრამ პატივს ვცემ ევროსაბჭოს ყველა ორგანოს გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ტორბერნ იაგლანდმა.

დღის მეორე ნახევარში კი სესიაზე განხილული იქნება ანგარიში ლტოლვილებთან და მიგრანტებთან დაკავშირებით. სწორედ ამ ანგარიშის განხილვისას „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვა. მისი თქმით, ის ძირითად აქცენტს გააკეთებს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის ტერიტორიაზე კანონიერად დასაქმებასთან დაკავშირებით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია ხვალ დასრულდება.

დღის ამბები