27 დეკემბერი 2024,   04:06
ვრცლად
ოთარ ფარცხალაძის გამდიდრების წყარო ავიაციაა - ქარხანაში კი სადაც ადვოკატის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორია დასაქმებული ამბობენ, რომ ის მათთან არ მუშაობს

ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლის მთავარი წყარო უკვე ხუთი წელია, დიდი ავიაციაა. ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფარცხალაძე ამიერკავკასიის პირველი აეროსტრუქტურების ქარხნის თანამშრომელია, სადაც კონსულტანტის პოსტს იკავებს.

ადვოკატი გაგი მოსიაშვილის მტკიცებით,  ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მილიონები თვითმფრინავების ქარხნის სწორი მართვის შედეგად დააგროვა. მისი თქმით, აეროხომალდების მსოფლიო ბრენდის ბოინგის ნაწილებით მომარაგება ყოფილი მთავარი პროკურორის საამაყო პროექტია. თუმცა სააქციო საზოგადოება „აეროსტრუქტურების ტექნოლოგიების“ დირექტორი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე მათთან არ მუშაობს.

ქარხანა, რომელზეც ფარცხალაძის ადვოკატმა ისაუბრა, 10 მაისს გაიხსნა, ჯერ სატესტო რეჟიმში მუშაობს, პროდუქცია არ გაუყიდია და არც შემოსავალი მიუღია.

ქარხნის მფლობელი კი საპარტნიორო ფონდია, რომელიც სახელმწიფო უწყებაა. თუმცა ფონდმა ფარცხალაძესთან კავშირი უარყო, რის შემდეგაც ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატმა „კურიერს“ წერილი გამოუგზავნა და ახალი ვერსია გააჟღერა,  რომლის მიხედვით, თვითმფრინავების ქარხანაში ფარცხალაძე კი არ მუშაობს, არამედ ამ ქარხნის წილის მფლობელი ინვესტორების შემოყვანაში მონაწილეობდა და ამისთვის სოლიდური ანაზღაურება მიიღო.

ბიზნესპროექტი, საიდანაც ოთარ ფარცხალაძემ დიდი შემოსავალი მიიღო, სახელმწიფომ 85 მილიონით დააფინანსა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, რომელიც ამ გარიგებას უკვე წლებია, სწავლობს, ეჭვები პროექტის საწყის ეტაპზევე ჰქონდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორი, ეკა გიგაური ფარცხალაძის ადვოკატის დღევანდელმა განცხადებებმა დაარწმუნა, რომ არა ყოფილი მთავარი პროკურორის ჩართულობა, სახელმწიფო პროექტისთვის ასეთ თანხას არ გამოყოფდა.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის ბრიფინგის მთავარი თემა ყოფილი პროკურორის შემოსავლები არ ყოფილა. ადვოკატმა საუბარი ფარცხალაძის სახლით დაიწყო და თქვა, რომ ქონება მან ლეგალურად სხვა პირისგან შეიძინა. მან კომენტარი სკანდალურ ჩანაწერებსა და ლევან ყიფიანის მიმართ შესაძლო ძალადობაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ყიფიანი და ფარცხალაძე წლებია, მეგობრები არიან.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები