27 დეკემბერი 2024,   04:08
ვრცლად
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება - დავით ბაქრაძე სტრასბურგში საბერძნეთისა და ლიტვის დეპუტატებს შეხვდა 

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხი - „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ხვდება.

ქართველების უცხოეთში ლეგალური დასაქმება იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დავით ბაქრაძის გამოსვლის მთავარი თემაც.

„ჩვენი ემიგრანტების პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა ევროპული ქვეყნების მხრიდან ინდივიდუალურად ორმხრივ საფუძველზე საქართველოსთან შეთანხმებების გაფორმება, შრომის ბაზრის გახსნა და ლეგალური სამუშაო კვოტების გამოყოფაა. სწორედ ამიტომ შევეცადე სრულად გამომეყენებინა ევროსაბჭოს ფორმატი, სადაც წარმოდგენილია ყველა ევროპული ქვეყანა და გამომეყენებინა, როგორც პლენარული ფორმატი, ასევე შეხვედრები ცალკეულ პარლამენტის წევრებთან, სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, სადაც დღეს ძალიან ბევრი ქართველი არალეგალია. მაგალითად საბერძნეთი, მაგალითად პოლონეთი და მათთან ერთად განმეხილა შესაძლებლობა, რომ გაიხსნას შრომითი ბაზარი ჩვენი ემიგრანტებისთვის.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე დღეს ბერძენ დეპუტატს, საბერძნეთის პარტია ახალი დემოკრატების ემიგრაციის საკითხებში, ჩრდილოვან მინისტრს მილტადის ვარვიოციოტისს შეხვდა.

„მე ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა დავითთან. მან თავისი იდეა წარმომიდგინა, თუ როგორ უნდა შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ლეგალური გზებით დასაქმდნენ ევროპაში. საბერძნეთში ჩვენ ათასობით ქართველს ვმასპინძლობთ, სამწუხაროდ ბევრ მათგანს ლეგალური სტატუსი არ აქვს. ჩვენთვის როგორც საბერძნეთის მომავალი მთავრობისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება რომ მივაღწიოთ ორმხრივ შეთანხმებას ლეგალურ ემიგრაციაზე. საბერძნეთი არის ღია სახელმწიფო მათთვის ვისაც მუშაობა უნდა, მაგრამ არა მათთვის ვინც ჩვენს კანონებს არღვევს. ჩვენ ვიმუშავებთ დავითთან ერთად მომავალში რათა ეს მნიშვნელოვანი საკითხები მოვაგვაროთ.“ - განაცხადა საბერძნეთის პარლამენტის დეპუტატმა, მილტადის ვარვიოციოტისმა.

ქართველების ლეგალურ დასაქმებაზე  „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ლიტველ დეპუტატს, ემანუელ ზინგერისსაც ესაუბრა. 

„დავით ბაქრაძე მრავალი წელია რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია, ის ქართულ დელეგაციასაც ხელმძღვანელობს. მას აქ ბევრი ადამიანი იცნობს, განსაკუთრებით პოლიტიკურ წრეებში. მისი ინიციატივა რომ ქართველებს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ჰქონდეთ, არის ძალიან კარგი და მისასალმებელი. ის მრავალ ევროპელ ლიდერს შეხვდა სწორედ ამ ინიციატივით. ამ იდეას ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ.“ -  განაცხადა ლიტვის სეიმის წევრმა, ემანუელ ზინგერისმა.

 

 

დღის ამბები