27 დეკემბერი 2024,   01:42
ვრცლად
"ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ბავშვი შიმშილობს" - გრიგოლ ვაშაძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი და გაერთიანების ლიდერები რუსთავის მოსახლეობას შეხვდნენ. გრიგოლ ვაშაძემ ქვეყნაში არსებული პოლიტიკური ვითარება შეაფასა და მხარდამჭერებს 28 ოქტომბრის არჩვენებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია არ დაუშვებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ხელისუფლებამ გააყალბოს. 

„ჩვენ არ გვინდა და არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც 150 ათასი ბავშვი შიმშილობს ყოველ დღე. ჩვენ არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი სიღატაკის ზღვარზეა, სადაც ყოველი მესამე უმუშევარია. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ოპონენტი იქნება ხელისუფლების ნაწილი. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სათავეში იქნება ოპოზიციონერი, რომ ხელისუფლება არ მოასვენოს. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც გენერალური პროკურორი იქნება ოპოზიციის მიერ შერჩეული და შემდეგ პარლამენტის მიერ არჩეული, სადაც პროკურატურას გამოეყოფა გამოძიება, გვეყოფა საბჭოთა გადმონაშთებში ცხოვრება. ჩვენ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ყველანაირ ფუფუნებაზე უარს ვიტყვით და რაც შეილება მეტ თანხას გადავისვრით სამ მიმართულებაში, რაც არის განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა. ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც ვერავინ გაბედავს ვერავის დაჩაგვრას იმიტომ, რომ ის უმცირესობას ეკუთვნის.

"საქართველოში ბიუროკრატიის თარეში დასრულდება, არ შეიძლება ბავშვი სკოლაში წინ და უკან დღეეში გადიოდეს 7 კილომეტრს და ვიღაცა ვიგინდარა ჩინოვნიკი 200 ათასიანი ჯიპით დადიოდეს. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დასნეულება, ჩვენ არ გვინდა ჩვენი გენოფონდი ამოვწყვიტოთ, სანამ ცოცხლები ვართ, საქართველოში მარიხუანის პლანტაციები არ იქნება. უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ის, რომ თქვენი არჩევანი ჩემზე შეჩერდა. იცოდეთ, რომ არცერთი წუთი არ მიფიქრია, რომ ეს დამსახურებაა, უფრო ავანსი და კრედიტია, რომელიც თქვენ გაეცით,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით კირკიტაძემ, რუსთავის მოსახლეობას გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა განკუთვნილია პენსიონერებისთვის, პედაგოგებისთვის, პოლიციელებისთვის, საწარმოების თანამშრომლებისა და ახალგაზრდებისთვის.

ამომრჩეველს სიტყვის მიმართა ევროპული საქართველოს ყოფილმა წევრმა, მამუკა ჩიქოვანმა. დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„დღეს მთავარი პრობლემაა, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა არის გადასარჩენი, ეს ქვეყანა თუ ვერ გადავარჩინეთ ახლა, თუ ვერ დავძლიეთ ეს კრიმინალური ხელისუფლება, თუ ვერ დავძარით ადგილიდან, აღარაფერი  ეშველება ამ ქვეყანას. ბატონმა გრიგოლმა მოახერხა და გააერთიანა ძალიან ღირსეული ნაწილი მის გარშემო,“- განაცხადა პარლამენტის წევრმა, მამუკა ჩიქოვანმა.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე. საქველმოქმედო ფონდ იავნანას დამფუძნებელმა რუსთავში სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება გააკრიტიკა.

„მე აქ მომიყვანა გულის ტკივილმა, თუ რა დღეში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა ამ მავნებელმა მთავრობამ. ისინი არიან მავნებლები, უუნაროები. მათ უნარი აქვთ, რომ მავნებლურად შეცვალონ მთელი ქვეყანა და შეცვალეს კიდეც,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

დღის ამბები