27 დეკემბერი 2024,   01:30
ვრცლად
გარდაბანში წვიმის დროს დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

გარდაბანში წვიმის დროს დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

აქციის მონაწილეებმა დღეს რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტეს.

ისინი გარდაბნის მერს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არაერთი დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე დახმარება არ მიუღიათ.

„ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ მთავრობაში სულაც რომ არაფერი მქონდეს, მე თუ უსახლკაროდ ვარ დარჩენილი ვალდებული ხართ, მოხვიდეთ და დამეხმაროთ. თქვენ არა მარტო ამას არ აკეთებთ, არც იმას აკეთებთ, რაც ქონება დავკარგეთ იმასაც არ გვინაზღაურებთ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება არანაირ დახმარებას არ გაიღებს და ისინი არჩევნების დასრულებამდე აჭიანურებენ მათი მოთხოვნების განხილვას.

ადგილზე ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი და გარდაბნის მერი იმყოფებოდნენ.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე აქციის მონაწილეების მოთხოვნის პასუხად აცხადებს, რომ თითოეული მათგანის მოთხოვნას განიხილავენ.

„ვპირდებით იმას, რომ თითოეული მათგანის საკითხის განხილვა გაგრძელდება, ოღონდ იმას, რის შესრულებაც არის შეუძლებელი და ის პრეტენზიები, რაც თქვენ აქ მოისმინეთ, იყო ბევრი გადაჭარბებული, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ახლა ამის შესრულებას და იმის დაპირებას, რის გადაჭრის საშუალებაც არ გვაქვს, ჩვენ მათ ვერ დავპირდებით,“ - განაცხადა კახა კობერიძემ.

დღის ამბები