27 დეკემბერი 2024,   00:50
ვრცლად
საპატრიარქოს წარმომადგენლები ეხმაურებიან ინფორმაციას, რომელიც პატრიარქის გადადგომის მოთხოვნას შეეხება

საპატრიარქოს წარმომადგენლები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გადადგომისკენ მოუწოდებენ. 

საპატრიარქოს წარმომადგენლების განცხადებით, თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის განცხადება, რომ საპატრიარქოში გარკვეული ჯგუფები ილია მეორეს გადადგომას აიძულებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

დეკანოზი, კიკეთის ეკლესიის წინამძღვარი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის თანაშემწე, მამა ანდრია (ჯაღმაიძე) რუსთავი2-თან ვრცელ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

აღნიშნული ინფორმაცია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ამაზე საუბრობს პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, გიორგი ზვიადაძე. მისი თქმით, დაუშვებელია პატრიარქს ვინმემ გადადგომა მოსთხოვოს.

„არავითარი სიმართლე ეს არ არის და ძალიან გთხოვთ, რომ ნუ ავრცელებთ ასეთ ამბებს. სირცხვილია, არ შეიძლება ასეთი რამ. როგორ შეიძლება, არავის არ აქვს უფლება, რომ საქართველოს პატრიარქს მოსთხოვოს გადადგომა, ეს არის წარმოუდგენელი და გაუგონარი არაეკლესიურობა, როგორ შეიძლება,“ - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

თეოლოგმა დღეს კურიერთან განაცხადა, რომ პატრიარქი ზეწოლის ქვეშაა და მას გადადგომის კონკრეტული ვადაც დაუსახელეს. ეს ხვალ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, უნდა მომხდარიყო.

საპატრიაქროდან გამოჟონილი ინფორმაციის საფუძველზე, თეოლოგი აცხადებს, რომ ეს მეუფე შიოს პატრიარქად კურთხევის ერთადერთი გზაა და ზეწოლაც სწორედ ამას უკავშირდება.

ტიგინაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი დგას, რომელიც რუსეთის ინტერესების გამტარებელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები