27 დეკემბერი 2024,   02:13
ვრცლად
"რას დგამენ, ვუსმენ ამ სერიალებს და ვერ გავერკვიე რა ხდება "- მმართველი გუნდი "ომეგას" საქმეზე გავრცელებულ ახალ ჩანაწერებს ეხმაურება

„ორი თუ სამი კვირაა ვუსმენ ამ სერიალებს და ვერ გავერკვიე რა ხდება სინამდვილეში“-ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გამოქვეყნებულ მორიგ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძის განცხადებით ამ სპექტაკლის სამიზნე არჩევნებია და ენმ-ს და ზაზა ოქუაშვილის მიზანია ამომრჩეველზე ზეგავლენა მოახდინოს.

„რას დგამენ, რომელია მონტაჟი, რომელი ნამდვილი, რომელია ამოჭრილი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს საბოლოოდ ეს ყველაფერი. მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" და მათ ინტერესებზე დამთხვეული ზაზა ოქუაშვილის არის ის, რომ არჩევნებამდე რაღაცნაირად  მოახდინონ იმ სპექტაკლის რაღაც ნაწილის დაჯერება მაინც საზოგადოებისთვის რომ რაღაც ხდებოდა,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე კი ოპონენტებს მოუწოდებს უკან მოიტოვონ ჩანაწერებით და კომპრომატების ომით საარჩევნო კამპანიის წარმოება.

„ვფიქრობ, რომ საარჩევნო კამპანია უნდა წავმართოთ ჩვენ ობიექტურად  და არა ვთქვათ კადრებით, ჩანაწერებით და ასეთი სერიალებით ვებრძოლოთ ერთმანეთს. ვიფიქროთ, რომ  წარსულს უნდა ჩავაბაროთ, მითუმეტეს 2012 წლის შემდეგ ის ძალადობრივი მეთოდები, ის შანტაჟი  ის ტყუილი რაც თან სდევდა არჩევნებს. ეს დავიწყებას უნდა მიეცეს და არ დავბრუნდეთ წარსულში,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჩანაწერებს უნდობლობას უცხადებს ზაზა გაბუნიაც. მისი თქმით ექსპერტიზით უკვე დადასტურდა რომ აუდიო ფაილები ავთენტიკური არ არის.

„მე ამ ჩანაწერების კომენტირებისას სიტყვა საუბარს ყოველთვის ჩავსვამდი ბრჭყალებში. იმიტომ, რომ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თქვა, რომ ეს არის არა ავთენტიკური და ფალსიფიცირებული  პროდუქტიო გარკვეული პოლიტიკური ამოცანების სამსახურში, რომელსაც ბატონი ოქუაშვილისგან ჰქონდა  გარკვეული კონსტრუქცია. მერე ვხედავთ ჩვენ რეკონსტრუქციას იმ თავისივე  ამოცანების და მიზნების სასარგებლოდ. ასე რომ სანდოობა იმ ე.წ. ჩანაწერების  ბუნებრივია არის ნულოვანი. შესაბამისად სერიოზულად კომენტირება იქ მოცემულ შინაარსზე არის უადგილო,“-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ "ომეგას" საქმეზე ახალი სკანდალური ფარული ჩანაწერები გასაჯაროვდა.  საუბარში, სავარაუდოდ, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი, სპორტის ყოფილი მინისტრი და "ომეგა ჯგუფის მენეჯერი" მონაწილეობენ. ერთ-ერთ ჩანაწერში ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან კონფლიქტი მოუვიდა. რომ ის ფარცხალაძემ სახლის სარდაფში ჩაიყვანა და მასზე იძალადა. სპორტის ყოფილი მინისტრი ყოფილი პროკურორის მიერ მასზე ძალადობის ფაქტზე საუბრობს მეორე აუდიოჩანაწერშიც. ლევან ყიფიანი იხსენებს, რომ მან ეს თემა ბიძინა ივანიშვილთან განიხილა. აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დეტალებს არკვევდა და აინტერესებდა, ვინ შეიგინა პირველმა - ფარცხალაძემ თუ ყიფიანმა.

მესამე ფარულ ჩანაწერში კი საუბრის მონაწილეები ახსენებენ ორ პირს - „ზარალასა“ და მაღრაძეს. კურიერის ინფორმაციით, „ზარალა“ ბიზნესმენი გიორგი რამიშვილია, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა, მაღრაძე კი პოეტი დავით მაღრაძე. ჩანაწერის მიხედვით, ფარცხალაძე-ყიფიანის შერიგება „ზარალამ“ და დავით მაღრაძემ სცადეს. აუდიოჩანაწერში ასევე ისმის გიორგი გახარიას სახელიც, რომელიც მოლაპარაკებებს გამოეთიშა მას შემდეგ, რაც ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად გაუსწორდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები