27 დეკემბერი 2024,   03:01
ვრცლად
ჩინური კომპანიის საეჭვო რეპუტაცია და შესაძლო კორუფციული გარიგება, რომელშიც ივანიშვილი-ჩხარტიშვილის ინტერესები იკვეთება

ამერიკის პროკურატურა ჩინური კომპანიის სი ი ეფ სი-ს საეჭვო საქმიანობას სწავლობს. ეს ის კომპანიაა, რომელიც საქართველოში 3 წლის წინ გამოჩნდა. 2017 წლის ოქტომბერში კი ჩინურ გიგანტს ფოთის ინდუსტრიულ ზონაში სახელმწიფოს კუთვნილი 75%-იანი წილი უკონკურსოდ სულ რაღაც 10 მილიონად გადასცეს. საუბარია 3 მლნ. კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, რომელიც ფოთის პორტს ესაზღვრება.

სი ი ეფ სი-ს სათაო ოფისი ჩინეთშია, თუმცა ის ენერგეტიკული აქტივებს ფლობს აზიაში, ევროპასა და აფრიკაში. სწორედ აფრიკაში გაეხვია კომპანია საერთაშორისო სკანდალში. აღმოჩნდა, რომ ჩადისა და უგანდის ხელისუფლება კომპანიას მოსყიდული ჰყავდა, რათა პერსპექტიულ პროექტებიდან კონკურენტები ჩამოეშორებინა და სარფიანი გარიგებაც ჯიბეში ჩაედო. კომპანიის მენეჯერების ბრალეულობას ახლა ნიუ-იორკის სასამართლო არკვევს, თუმცა მას შემდეგ გამოძიება კიდევ უფრო მძიმე ვერსიებამდეც მივიდა. არც მაშინ და არც მას შემდეგ საქართველოს მთავრობაში კითხვა არავის გასჩენია, ვის ხელში აღმოჩნდა ეს ტერიტორია. საკითხს ბოლო თვეებია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მონისტრი, თინა ხიდაშელი სწავლობს, რომელიც თვლის რომ ამ გულგრილობას თავისი მიზეზი აქვს - კორუფცია.

ჩინურმა კომპანიამ ფოთის ზონაში მისი კუთვნილი წილი სამართავად საქართველოში დაფუძნებულ ევრაზია მენეჯმენტ ჯგუფს გადასცა. კომპანიის 50% ჩინეთშია რეგისტრირებული, კიდევ 50%-ის კვალს კი ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანიებამდე მივყავართ. ოფშორში რეგისტრირებული ამ ორი კომპანიიდან ერთის, "ბრაით სთოუნის" წარმომადგენლად დოკუმენტებში თანაინვესტირების ფონდის დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილია რეგისტრირებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია და მთელს მსოფლიოში მის ბიზნესებს მართავს.

ევრაზია მენეჯმენთი გერგეტის სამ ნომერშია რეგისტრირებული. შენობაში, რომელსაც სხვაგვარად ვანო ჩხარტიშვილის ბიზნეს ცენტრად იცნობენ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ფოთის მმართველი კომპანიის სამეთვალყრურეო საბჭოს წევრიც თავად ვანო ჩხარტიშვილია.

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

დღის ამბები