27 დეკემბერი 2024,   02:44
ვრცლად
პოეტი ზვიად რატიანი ქვეყნიდან წასვლის მიზეზებზე და შს მინისტრის მიერ შემოთავაზებულ პირად შეხვედრაზე "პოსტსკრიპტუმთან" საუბრობს

ქართველი პოეტი, ზვიად რატიანი საქართველოდან დროებით წავიდა. "პოსტსკრიპტუმის" გადამღები ჯგუფი მას ბერლინში შეხვდა. რატიანი 2017 წლის 23 დეკემბრის შემთხვევას, იხსენებს, როდესაც ის პოლიციამ თბილისში გააჩერა. ამბობს, რომ სამართალდამცველები აგრესიულები იყვნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სტრესმა, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ, ყურადღების ცენტრში ყოფნამ და უსამართლობის განცდამ მისი წყნარი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

იხსენებს, რომ პოლიციელები დიდხანს სცემდნენ, ხაზს უსვამს, რომ ეს პატრული არ იყო. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ავტომობილშიც. მოგვიანებით, თავის მართლების მიზნით, შსს-ს ვიდეო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. ზვიად რატიანი ამბობს, რომ ეს მე-7 თუ მე-8 დუბლზე ჩაწერეს, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სცემეს და განზრახ იწვევდნენ, რომ შემდეგ საჩვენებელი ვიდეო გადაეღოთ.

ქართველი პოეტი გისოსებს მიღმა ერთი ღამე იყო, თუმცა მთავარი სირთულეები ამის შემდეგ დაიწყო. ფიქრობს, რომ ცალკეული პოლიციელები კი არა, მის წინააღმდეგ სისტემა ამოქმედდა. კოლეგების და საზოგადოების მხარდაჭერა იმ დროს მისი ერთადერთი ნუგეში იყო.

საბოლოოდ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით გასამართლებულ პოეტს, შინაგან საქმეთა მინისტრი დაუკავშირდა, რომელიც ზვიად რატიანს პირადად შეხვედრას სთხოვდა. თუმცა, პოეტმა შს მინისტრს შეხვედრაზე უარი განუცხადა. 

რატიანი ამბობს, რომ ემიგრანტად წასვლა არ სურდა, უნდოდა თბილისში დაბრუნების უფლება ჰქონოდა, სწორედ ამ დროს გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროგრამით წასულიყო. ზვიად რატიანი ბერლინის შემდეგ, ერთ წელს ავსტრიაში გაატარებს.

ყველაზე მეტად ქართველ პოეტს ის აწუხებს, რომ მისი საქმე გახმაურდა, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც საზოგადოებას ვერ მიაწვდინეს ხმა და ისე დაიჩაგრნენ. ზვიად რატიანი ყვება, რომ მისი ინციდენტის შემდეგ არაერთი ადამიანი დაუკავშირდა მსგავსი ისტორიებით.

ზვიად რატიანის საქმით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ და წლის ბოლოს ის სტრასბურგშიც გაიგზავნება.

დღის ამბები