14 აგვისტო 2022,   13:11
ვრცლად
სისტემური დანაშაული, რომელიც დაუყოვნებლივ, დროულად და ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული - ნინო ლომჯარია სკანდალურ ჩანაწერებზე 

სისტემური დანაშაული, რომელიც დაუყოვნებლივ, დროულად და ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული - ასეთია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას რეაქცია გლდანის ციხეში გაკეთებული ფარულ ჩანაწერზე, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-მა გაასაჯაროვა. 

საუბარია ჩანაწერებზე,  სადაც  პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და იმ საქმეებს იხსენებს, რომელსაც ე.წ. "ავტომატჩიკები" აგვარებდნენ. 

ნინო ლომჯარიას განმარტებით, ის ფაქტები, რაზეც მირზა სუბელიანი საუბრობს, ადამიანების გატაცება, უკანონო ბანდფორმირებების თარეში, არასრულწლოვნებზე ზეწოლა, სისტემური გადაცდომებია.

„ამ ჩანაწერებიდან, ალბათ, რაც ჩანს არის ის, რომ ის საუბრობს იმაზე, რომ ნამდვილად პროკურატურაში არის გარკვეული არაფორმალური გავლენები და ასევე ახსენებს გარკვეულ დაინტერესებებს და ჩართულობას კონკრეტული პირების კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების გარშემო. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება და რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით ახსენებს წამებას. ეს არის ის შემთხვევა, რაც ყველა სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია გამოიძიონ იმდაგვარად, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩეს,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მირზა სუბელიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი გუშინ, P.S.-ში გავიდა. ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი.

სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს უმძიმესი კომპრომატები, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.

საათნახევრიან აუდიოჩანაწერში საუბარია რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის ე.წ. "ვანოს საქმესა" და ხორავას ქუჩის საქმეზე.

მირზა სუბელიანი საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ სასურველი ჩვენებების მიღების მიზნით იტაცებდნენ და ზოგჯერ აწამებდნენ კიდეც ხალხს.

სუბელიანი ამბობს, რომ ის „შავ საქმეებს“ აგვარებდა, რაც ხელისუფლებამ ვერ დაუფასა. სუბელიანის თქმით, მას ბევრი კომპრომატი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ.

სუბელიანი ამბობს, რომ საკუთარი ნებით დათანხმდა პატიმრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას რომ არ სდომოდა, ვერავინ მიეკარებოდა, რადგან მას ზურგს50 შეიარაღებული პირი უმაგრებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები