19 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
სკანდალური აუდიო ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ფიგურირებს - ოპოზიცია შს მინისტრი პასუხისმგებლობაზე საუბრობს 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს,  პოლიტიკოსები ეხმაურებიან.  

ოპოზიციის წარმომადგენლები კლანურ მმართველობასა და შეიარაღებულ დაჯგუფებებზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულმა ჩანაწერებმა შესაძლოა მირზა სუბელიანს საფრთხე შეუქმნას.

„ამ ჩანაწერებით მთლიანად გაშიშვლდა დღეს ქართული ოცნების სახელისუფლებო ვერტიკალი და დავინახეთ ყველამ რეალურად როგორ გვარდება საქმეები, ვისი დახმარებით, რა შეიარაღებული დაჯგუფებების დახმარებით და ზოგადად როგორ მართავს დღეს ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას,“-ენმ-ს წევრმა განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძის განცხადებით, გავრცელებული აუდიო ჩანაწერებით კომისიის წევრების მიერ შემუშავებული დასკვნის სისწორე, კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„ფარსია ყველანაირი შს სამინისტრო, პროკურატურა, გამოძიება სასამართლო. ეს ყველაფერ ლაგდება რამდენიმე ადამიანის კაბინეტში, იქვე შეიძლება კალაშნიკოვიანი ადამიანებიც დგანან და ასე ჭრიან და კერავენ როგორც უნდათ. ამან აჩვენა პრაქტიკულად ის, რომ სახელმწიფო არის ჩამოშლილი. რაც კომისიამ დაწერა დასკვნაში, ზუსტად ეს დადასტურდა ამ ჩანაწერებით,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება „რესპუბლიკური“ პარტიის პოლიტიკური მდივანი. თამარ კორძაია ამბობს, რომ ქვეყანას დღეს ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანები მართავენ. კორძაია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის ალბათობაზეც საუბრობს.

„გახარია არის სუბელიანის მძევალი, ან სუბელიანს გაიმეტებენ ან გახარიას მოუწევს გადადგომა. საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერიოს და დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ, რომ მოქალაქეები არიან რეალურად ამ კლანური ხელისუფლების მძევლები,“-აცხადებს კორძაია.

სკანდალური ჩანაწერები გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.

საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები