სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, "ქართული ოცნების" ლიდერები ეხმაურებიან.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებს არ ენდობა, თუმცა ამავდროულად მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ძიება უნდა დაიწყონ.
„თავისთავად ცხადია გამოძიება უნდა დაიწყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა რამდენადაც ბოლო პერიოდში ჩვენ ამ ფაბრიკაციების მომსწრენი ვართ და ის ჩანაწერები, რაც "რუსთავი2"-მა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა, მათი ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ამიტომ მე პირდაპირი ნდობა ვერ მექნება და ამიტომ დაველოდები გამოძიებას,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც.
„მე რამდენადაც ვიცი, აი ამ ჩანაწერების საქმეზე უკვე 12 ოქტომბერს იყო გამოძიება დაწყებული, ამიტომ დაველოდოთ და შესაბამისად გვექნება ინფორმაცია დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში. შეიძლება იყოს გამიზნულად ჩაწერილი, შეიძლება არ იყოს. მე ვერც ერთს დავამტკიცებ, ვერც მეორეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით დაიდოს გამოძიების შედეგი. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი ამ საკითხიდან, რადგან მაღალი საჯარო ინტერესი ნამდვილად არსებობს, შესაბამისად აუცილებლად დეტალურად უნდა გაეცეს ამ საკითხს პასუხი,“ - სოფო კილაძე