27 დეკემბერი 2024,   02:35
ვრცლად
უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები, ადამიანების გატაცება და წამება და ა.შ. - სკანდალური ჩანაწერების საქმე და დაკითხვა პროკურატურაში  

"რუსთავი 2"-ის მიერ გასაჯაროებული სკანდალური აუდიოჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტი, ვიქტორ ჯაფარიძე, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. მირზა სუბელიანთან ციხეში გამართული შეხვედრის დეტალებზე მესტიის მაჟორიტარმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე არ ისაუბრა.

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის დაკითხვის პარალელურად, პროკურატურაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ ლიდერი, ეკა ბესელია. 

სენსაციური ჩანაწერების საქმის მთავარმა მონაწილემ, ვიქტორ ჯაფარიძემ, სუბელიანთან აუდიენციის დეტალები „კურიერს“ დილით მოუყვა. დეპუტატის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს ციხეში ის რამდენჯერმე თავად ბრალდებულის მოთხოვნით და პარლამენტის თავმჯდომარის გაცემული სპეციალური საშვით ესტუმრა.

სკანდალური აუდიოჩანაწერის მიხედვით, ვიქტორ ჯაფარიძეს გლდანის ციხეში სულ სხვა მანდატი ჰქონდა. ის ხელისუფლებასა და ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსანს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. 

მთავარი პროკურატურა კი არ გამორიცხავს, რომ სკანდალური ჩანაწერები კონკრეტულმა პირმა ან პირთა ჯგუფმა თავიდანვე საჯაროდ გავრცელებისთვის გააკეთა. ვისზე აქვთ ეჭვი, ჯერ არ ამბობენ და კატეგორიულად არც იმას გამორიცხავენ, რომ რამდენიმე საათიანი ჩანაწერი, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტულ ბრალდებებს შეიცავს, თავად მირზა სუბელიანის ინიციატივით განხორციელებულიყო.

პროკურატურა ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ სკანდალური ჩანაწერის შესახებ გამოძიება იმაზე ადრე დაიწყეს, ვიდრე აუდიო ფაილს „რუსთავი 2“ გაასაჯაროებდა.

პროკურატურაში დღეს არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაკითხავენ ჩანაწერთან დაკავშირებით თავად მირზა სუბელიანს. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჩანაწერში გაჟღერებულ კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს. პროკურატურას კი ჯერ საქმეს მხოლოდ ჩანაწერის მოპოვება გავრცელების კუთხით სწავლობს. 

შეხვედრას სუბელიანთან პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დავით ცუხიშვილი ესწრებოდა.

დღის ამბები