27 დეკემბერი 2024,   02:38
ვრცლად
იმაზე ისაუბრონ, რაზეც იქ არის საუბარი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში იყო წამება, ადამიანების გატაცება, ძალით ჩვენებების მიცემა - ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული, მირზა სუბელიანი სხვადასხვა გახმაურებული საქმის „დალაგებაზე“ საუბრობს.

ნინო ჯანგირაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან "რუსთავი 2"-ის მისამართით გახმოვანებულ კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ არასახელისუფლებო მედიის როლს სწორედ მსგავსი ფაქტების გასაჯაროება წარმოადგენს.

„ზუსტად იმიტომ არის კარგი, რომ ქვეყანაში არსებობს ძლიერი არასახელისუფლებო მედია, რომ მას შესწევს უნარი, რომ ასეთი რაღაცები მოიპოვოს. იმიტომ არის ზუსტად ძალიან კარგი, რომ ხელისუფლება ვერ მოერია "რუსთავი 2"-ს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი რესურსი და დღეს ამაში გაგვიმართლა,“ - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს სუბელიანის მიერ დასახელებული ფაქტები.

„ახლა იმაზე ისაუბრონ, რაზეც იქ არის საუბარი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში იყო წამება, ადამიანების გატაცება, ძალით ჩვენებების მიცემა, არაფორმალური ურთიერთობები, კრიმინალური დაჯგუფებები, კრიმინალური ურთიერთობები, შეიარაღებული ჯგუფები, ამაზე გვესაუბრონ,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

აუდიოჩანაწერში, რომელიც გუშინ P.S.-ში გავიდა, ისმის, რომ სუბელიანი სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას.

სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძეს გარდა ხორავას ქუჩის საქმისა სხვა გახმაურებული საქმეების შესახებაც უყვება და ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ საქმეების „მოგვარებაში“ ეხმაურებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები