27 დეკემბერი 2024,   02:04
ვრცლად
„მისი ამოცანა ცხადია არ იყო, რომ ეს გასაჯაროებულიყო და ფართო საზოგადოებისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი“ - ელისო კილაძე ფარულ ჩანაწერებზე და სუბელიანზე საუბრობს

„ახალი ფაქტი, ჩემთვის იქ არაფერი არ ყოფილა, ეს ყველაფერი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წლებში დაწერილი მაქვს სხვადსხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით. მათ შორის თეთრაძის საქმეზე, ნავთლუღის სპეცოპერაციაზე, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით და ა.შ.“ - ეს განცხადება „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კილაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს აფასებს და პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრობს. 

„ხელისუფლებამ დღეს მთავარი პროკურატურის პირით შემოგვთავაზა აბსოლუტურად უაზრო ბოდვა, რომ ციხის თანამშრომელს, ვინმე ი.პ.-ს მოაკითხა უცხო პირმა, რომელსაც ის არ იცნობს, დააშანტაჟა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით და ამის შემდეგ, თურმე ის იძულებული გახდა გადაეცა მისთვის ჩანაწერი. მე ყველაზე ნაკლებად ამ საქმეში რაც მაინტერესებს, მაინტერესებს ის, ვინ მოიტანა „რუსთავი 2“ -ში ჩანაწერი ან საიდან გასაჯაროვდა ეს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

კილაძე გლდანის მე-8 საპყრობილეში ჩაწერილ აუდიოფაილთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელიც მირზა სუბელიანს საპყრობილეში შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობა ჰქოდნა ციხეში შესვლასთან დაკაშირებით. 

„შეხვედრა შედგა მე-8 საპყრობილეში, რომელიც არის მკაცრი რეჟიმის დაწესებულება და სადაც, როგორც წესი, ოჯახის წევრებს აქვთ უფლება მხოლოდ, პაემანზე მივიდნენ პატიმართან. შეხვედრაზე იმყოფებოდა დეპუტატი, რომელსაც რასაკვირველია ჰქონდა ირაკლი კობახიძის თანხმობა წერილობითი, სხვა შემთხვევაში, დეპუტატი ვერ შევიდოდა, ვიქტორ ჯაფარიძე მყავს მხედველობაში და იმყოფებოდა მესამე პირი, რომელიც დღეს გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, რომელიც სწორედ ამ ჩანაწერში ახსენებს ჩემს გვარს, რომ ელისო კილაძემ დაწერა და ა.შ. დიახ, მე ვიყავი ის პირი, რომელმაც პირველმა მივიღე ინფორმაცია იმის თაობაზე და მაშინ ზაზას შვილი ჯერ კიდევ სიკვდილს ებრძოდა საავადმყოფოში, რომ ხელისუფლება ცდილობდა ჩაეფარცხა ეს საქმე და ამ საქმეში იყო პროკურატურის მაღალჩინოსნის შვილი,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

კილაძე ამბობს, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, რომელიც გავრცელებული ფარული აუდიომასალის მთავარი ფიგურანტია, შეხვედრის და საუბრის ჩანაწერის მომზადების შესახებ ინფორმირებული იყო.

„მისი ამოცანა ცხადია არ იყო, რომ ეს გასაჯაროებულიყო და ფართო საზოგადოებისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მან მესიჯები გაუგზავნა ხელისუფლებას,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

 

დღის ამბები