27 დეკემბერი 2024,   03:05
ვრცლად
ერთი შეკითხვა მაქვს, რა გაუკეთებია ამ ახალგაზრდა ბიჭს საქართველოსთვის, რომ ჩვენ თავში გვარტყამს? - პაატა ბურჭულაძე ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც მირზა სუბელიანი საუბრობს იმ საქმეებზე, რომლის „დალაგებაშიც“ ხელისუფლებას დაეხმარა.

ბურჭულაძის თქმით, ბიზნესზე რეკეტი, ძალადობა და დაშინება ამ ხელისუფლების მახასიათებელი ნიშანია.

პაატა ბურჭულაძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აკრიტიკებს, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციას „თავში ჩაარტყამენ,“ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მათი მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებით გამოიხატება. ბურჭულაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე მსგავსი ფრაზებით არ უნდა საუბრობდეს.

„ეგ უნდა მიხვდეს, რომ ეგ არის პარლამენტის თავმჯდომარე, არა „ქართული ოცნების,“ არამედ მთელი საქართველოსი და მისთვის ყველანი ჩვენ ვართ პატივსაცემი ადამიანები. თავში ჩავარტყამო, ვის ჩაარტყამს ეგ თავში? მე ჩამარტყამს, რადგან გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ვარ? თაკო ჩარკვიანს ჩაარტყამს? რუსიკო ფეტვიაშვილმა თქვა დღეს, რომ მე მხარს ვუჭერ გრიგოლ ვაშაძესო, რუსიკო ფეტვიაშვილს ჩაარტყამს? ნინო ანანიაშვილს ჩაარტყამს? მე ერთი შეკითხვა მაქვს, რა გაუკეთებია ამ ახალგაზრდა ბიჭს საქართველოსთვის, რომ ჩვენ თავში გვარტყამს? სად გაიზარდა, რა ოჯახში გაიზარდა? ვინ გაზარდა?“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატზე საუბრობრისას ამბობს, რომ ამომრჩეველი ზურაბიშვილს ქართველად არ აღიქვამს მისი ქმედებებიდან გამომდინარე. მისი თქმით, ზურაბიშვილმა არ იცის საქართველოს ისტორია.

"მართლდება ის ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილს გასაქცევად აქვს საქმე და ჰგონია, რომ ეს დაულაგებს საფრანგეთში საქმეს, რადგან საფრანგეთის მოქალაქეა, მეტი არაფერი," - განაცხადა ბურჭულაძემ.

დღის ამბები