27 დეკემბერი 2024,   02:44
ვრცლად
"ჩვენ ვცხოვრობთ მაფიოზურ-ფეოდალურ სახელმწიფოში, რომელიც ემყარება ძალადობას," - თეო ხატიაშვილი

"ჩვენ  ვცხოვრობთ მაფიოზურ-ფეოდალურ სახელმწიფოში, რომელიც ემყარება ძალადობას," - ასე აფასებს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეო ხატიაშვილი.

ჩანაწრების შესახებ ხატიაშვილი განცხადებებს გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში აკეთებს. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ამბობს, რომ მდგომარეობიდან გამოსვლა ცივილიზებული ფორმოთ რთულია. 

„მაინც გამაკვირვეს. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვიცოდით, რომ კორუფციაც არის, რომ ერთი კაცია რეალური მმართველი, რომელსაც არის დამორჩილებული ყველა, პარლამენტიც, სასამართლოც. ეს არის ფაქტიურად, ბუტაფორიული ფასადი. მაგრამ, მე სულ მეგონა, რომ უბრალოდ ამ ინსტიტუციებში იყვნენ ყურმოჭრილი ყმები, რომლებიც ძალიან მარტივად თავს უკრავდნენ ყველაფერზე, თანხმდებოდნენ, ყველანაირ გადაწყვეტილებას იღებდნენ ისე, როგორც მამას სურდა. მაგრამ, აღმოჩნდა ამ ჩანაწერების შედეგად, რომ ასე მარტივადაც არ არის საქმე. ჩვენ ვცხოვრობთ მაფიოზურ-ფეოდალურ სახელმწიფოში, რომელიც ემყარება ძალადობას, დაშინებას, შანტაჟს და ეს არის მართლაც შემაშფოთებელი, იმიტომ რომ აქედან გამოსვლა მართლაც ძალიან რთულია და მით უმეტეს არჩევნების გზით, ცივილიზებული ფორმით,“ - განაცხადა თეო ხატიაშვილმა.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ამბობს, რომ ხელისუფლება წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდით აქტიურად აპელირებს.

ხატიაშვილი ამბობს, რომ მმართველი ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ხაზს უსვამს რომ პრეზიდენტს უფლებები თითქმის აღარ აქვს, ის მაინც ცდილობს, რომ ეს ინსტიტუტიც მისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს.

„მგონია, რომ ყველაზე დიდი მტერი, რაც არის ჩვენთვის, ეს არის უკიდურესი ნიჰილიზმი, რაშიც არის ჩვენი ქვეყანა დღეს და ძალიან ბევრი, შეიძლება არჩევნებზე არც წავიდეს,“ - განაცხადა თეო ხატიაშვილმა.

 

დღის ამბები