27 დეკემბერი 2024,   07:23
ვრცლად
დეპუტატს აქვს უფლება, შევიდეს პატიმართან - ხელისუფლების წარმომადგენლები კობახიძის გადაწყვეტილებას აფასებენ

ხელისუფლების წარმომადგენლები ირაკლი კობახიძის მიერ კვირას, არასამუშაო დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომელითაც პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, პატიმარ მირზა სუბელიანის ციხეში მონახულების ნება დართო. 

მმართველ გუნდის ლიდერების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება, რომ არასამუშაო დღესაც გასცეს მსგავსი ნებართვა. მათი თქმით, ირაკლი კობახიძეს კანონი არ დაურღვევია.  

„კვირას უქმე დღეებში ადვოკატები ვერ შედიან, მაგრამ პარლამენტის წევრებს არ აქვთ აკრძალვა, რომ არასამუშაო დღეებში განახორციელონ ვიზიტი, თუ ასეთი თანხმობა არსებობს და ის რეგლამენტით გაწერილია,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მირზა სუბელიანთან საკანში დავით სუხიშვილის შესვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, ცუხიშვილის ციხეში შესვლის გადაწყვეტილება მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა მიიღო. მმართველი გუნდის შეფასებით, ციხის უფროსს აქვს უფლება, რომ გარეშე პირი საკანში შეუშვას.

„კანონი არ კრძალავს, რომ კვირა დღეს შესვლა არ შეიძლება, მეც არაერთხელ მქონია საქმე ციხეში, სხვადასხვა მძიმე საქმესთან დაკავშირებით, რაც უსაფრთხოებას შეეხებოდა და არ გამოვრიცხავ, კვირა დღეს ვიყავი,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემაც შეაფასა. მისი თქმით, დეპუტატს აქვს უფლება, შევიდეს პატიმართან.

„ამ უფლებით სარგებლობენ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, სარგებლობენ თქვენი დეპუტატებიც, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებიც, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა,“- განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის, მაია ცქიტიშვილისთვის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეჭვებს არ აჩენს.

„არ შევიტანდი ეჭვებს მე პირადად, როგორც ჩემთვის ცნობილია, დეპუტატის სტატუსი აძლევს დეპუტატს უფლებამოსილებას, რომ შეხვდეს ბრალდებულს,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ირაკლი კობახიძის მიერ ნებართვის გაცემა „რუსთავი2-ის“ ეთერში P.S.-ის ანონსის გასვლას ემთხვევა, სადაც სკანდალური ჩანაწერები დაანონსდა. ვიქტორ ჯაფარიძე პატიმრის საკანში ამის შემდეგ შევიდა.

დღის ამბები