საპარლამენტო არჩევნებამდე 12 დღით ადრე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამ მაღალჩინოსანს წაუყენეს. უწყებამ 2016 წელს მოპოვებული ფარული ჩანაწერი ორი წლის შემდეგ გაასაჯაროვა.
პროკურატურის მტკიცებით, ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი, გიორგი მერებაშვილი და გიორგი დგებუაძე, იგივე ”მასტერა" პატარკაციშვილის ლიკვიდაციას 2007 წლის თებერვალში მოდულის შენობაში გამართულ თათბირზე გეგმავდნენ.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმის შესასრულებლად ყოფილი ძალოვნები ბადრი პატარკაციშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრის გადაბირებას ცდილობდნენ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მოწამვლას გეგმავდნენ.
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ ყოფილი ძალოვანები პატარკაციშვილის ლიკვიდაციას მიხეილ სააკაშვილთან და დათა ახალაიასთან შეთანხმებით გეგმავდნენ. პროკურატურაში ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების მოტივად პატარკაციშვილის ოპოზიციურ განწყობას ასახელებენ.
წარუდგნენ თუ არა ბრალს კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს და ყოფილ პრეზიდენტს, უწყებაში დღეს არ დაუკონკრეტებიათ.
მიხეილ სააკაშვილმა პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ბრიუსელიდან უპასუხა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების წინ პატარკაციშვილის საქმე თაროდან პოლიტიკური შურისძიების მიზნით ჩამოიღო.
ოპოზიცია პატარკაციშვილის საქმის გახსნილად გამოცხადებას ქვეყნაში მიმდინარე პროცესების გადაფარვის მცდელობად აფასებს. „ქართული ოცნება“ კი პოლიტიკურ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.