27 დეკემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ხელისუფლება ცდილობს ისე წარმოაჩინოს თითქოს ორი არჩევანია - ჭაობი ზურაბიშვილის სახით და რევანში ენმ-ს სახით-დავით ბაქარაძე

ამ წუთებში სპორტის სასახლეში „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი ამომრჩეველს ხვდება. სიტყვით გამოსვლის დროს დავით ბაქრაძემ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მისი თქმით, მოქალაქეებმა ივანიშვილის გუნდს უარი უნდა უთხრას. ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანა არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და ეს მთლიანად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა.

დავით ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას „ოცნების“ რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა. „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისი განცხადებები აზიანებს ქვეყანას.

„დღეს ჩვენი საზოგადოება დადგა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე. გამოწვევის, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბოლომდე გამოიწვიოს ხალხი და პრეზიდენტად წარადგინოს ადამიანი, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი. არის მიუღებელი მისი პოზიციის და განცხადებების გამო, რომელიც პირდაპირ აზიანებს საქართველოს მოსახლეობას და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. არის მიუღებელი მისი განცხადებების გამო რომელიც პირდაპირ აპირისპირებს საზოგადეობის სხვადასხვა ჯგუფებს ერთმანეთთან. დღეს ხელისუფლების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის დასახელება პრეზიდენტობის კანდიდატად ეს არის გამოწვევას და შეუძლია თუ არა საზოგადოებამ აჩვენოს,  რომ ამ გამოცდას გაივლის და ეტყვის მას უარს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განცხადებით ხელისუფლება დღეს ცდილობს ისე წარმოაჩინოს თითქოს მხოლოდ ორი არჩევანი  აქვს - არის ჭაობი სალომე ზურაბიშვილის სახით და რევანში და რევოლუცია ენმ-ს სახით, რაც არის აბსურდია.

“ხელისუფლება დღეს ცდილობს გვაჩვენოს, რომ ქართველებს არ გვაქვს კარგი არჩევანი, რომ ქართველებს არ გვაქვს მომავალზე ორიენტირებული არჩევანი და ჩვენი არჩევანი არის ცუდს და უარესს შორის. ჩვენი არჩევანი არის იმ ჭაობს, უიმედობასა და უპერსპექტივობას შორის სადაც დღეს ვართ და არეულობას, შურისძიებას და აგრესიული წარსულის დაბრუნებას შორის მომავალში. აი, ეს არის დღეს იარაღი, რომელიც ხელისუფლებას უჭირავს ხელში და სამწუხაროა რომ ამ მიზნით ხელისუფლება ეფექტურად იყენებს ოპოზიციის ნაწილს. მათ შორის იმ ნაწილს, სადაც წლების განმავლობაში ჩვენს ვიყავით, საუბარი  მაქვს ენმ-ზე. წარსული შეცდომების არაღიარება და საზოგადოებასთან ღია დიალოგის არარსებობა, აგრესიული რიტორიკა, მკაფიო დაპირების არარსებობა რომ მომავალში შურისძიება არ იქნება და არ იქნება არეულობა, ეს ყველაფერი ეხმარება ხელისუფლებას  რომ გამოაჩინოს, რომ ქვეყანა დგას ორი ალტერნატივის წინაშე. ან იქნება სალომე ზურაბიშვილის და ჭაობი, ან იქნება ენმ და რევანში.აი ამას აკეთებს  დღეს ხელისუფლება. მე ძალიან შორს ვარ  იმ აზრისგან რომ რაიმე ფორმით დავიჯერო ის რასაც ის ამბობენ, მე ვიყავი იქ, იმ პარტიაში და ჩემთვის  ნულოვანი ფასი აქვს ხელისუფლების ბრალდებებს არეულობის და გადატრიალების შესახებ,“-განაცხადა დავთ ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ მისით შეაშინოს ხალხი.

დავით ბაქრაძე მისი გამარჯვების შემთხვევაში ყოველგვარ შურისძიებას გამორიცხავს. მისი თქმით მას არ აინტერესებს ვინ სად და ვის გვერდით დგას დღეს. 

ამომრჩეველს სიტყვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამაც მიმართა. მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ დარეგისტრირებულია 25 კანდიდატი, მათგან გამარჯვების რეალური შანსი სამს აქვს, ესენი არიან დავით ბაქრაძე, სალომე ზურაბიშვილი და ეს არის გრიგოლ ვაშაძე. მისივე თქმით ყველა სხვა კანდიდატისთვის მიცემული ხმა დაკარგულია.

„ხელისუფლებამ შემოგვთავაზა კანდიდატი, რომელსაც პუტინი ციტირებს საქართველოს წინააღმდეგ, რომლსაც გაცნობიერებულიც კი არ აქვს თუ რა ქვეყანაში აპირებს პრეზიდენტობას, რომელიც მისდა უნებურად ან შეგნებულად ჩადის ჯავახეთში, აღვივებს ეთნიკურ შუღლს და ფობიას. ის რაც ჩვენ ამდენი წლის მანძილზე რაც შევძელით და დავძლიეთ, აი ასეთ კანდიდატს გვთავაზობს ამაზე მეტიც გვთავაზობს კანდიდატს რომლისთვისაც დიალოგი არის ეშმაკის ენა. გვთავაზობს კანდიდატს რომელიც საპასუხისმგებლო მომენტში ადგა და უბრალოდ გაიქცა რომელიც გაიქცა დროებითი საგამოძიებო კომისიიდან. მაშინ როდესაც მას აუცილებლად უნდა მიეცა ხმა იმისთვის რომ დასჯილიყვნენ აი ის პროკურორები რომლებმაც ზაზა სარალიძე გააწამეს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლობის ამღები ადამიანი და ასეთი არის სწორედ დავით ბაქრაძე და მისი გუნდი,“-განაცხადა გიგი უგულავამ. 

 

დღის ამბები