27 დეკემბერი 2024,   02:17
ვრცლად
„მე ეგეთი საცოდაობა არ მინახია," - პაატა ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას აფასებს

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ბათუმში მხარდამჭერებს ხვდებიან. შეკრებილ ებს სიტყვით მიმართა პარტია ”ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ, რომელმაც წინა არჩევნები და ხელისუფლების ცვლილების პერიოდი გაიხსენა. მათ შორის 2012 წელი, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით, არჩევნებით შეიცვალა. 

„2012 წლის პირველ ოქტომბერს, საღამოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა დამარცხება და ეს იყო ქართული სახელმწიფოს გამარჯვების დღესასწაული. 22 წლის განმავლობაში, ვიდრე დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ვიდრე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთთან, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების ნაცვლად, ხელისუფლება შეცვალა,“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მურმან დუმბაძემ სიტყვით გამოსვლის დროს, „ევროპული საქართველოც“ ახსენა და განაცხადა, რომ ეს პარტია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 

„2012 წლის 2 ოქტომბრიდან, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პოლიტიზირებულმა სუს-მა და არაფორმალურმა მმართველმა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი ის მიზეზიცაა. ჩვენ მივიღეთ გაყალბებული არჩევნების შედეგად 4/5-იანი უმრავლესობა, ჩვენ მივიღეთ საქართველოს პარლამენტში შეტანილი ოპოზიცია, მახინაციებით შეტანილი ოპოზიცია, ვითომ ოპოზიცია და ჩვენ იქვე მივიღეთ საქართველოს პარლამენტის წიაღშივე წარმოშობილი ვითომ ოპოზიცია, სახელით - ევროპული საქართველო და ნომრით 2. არ ენდოთ, ბიძინასია,“ - ამბობს დუმბაძე. 

მურმან დუმბაძე ოპოზიციის გაერთიანების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ არჩევნებში მოგება სწორედ რომ გაერთიანებით არის შესაძლებელი.

„ჩვენი მოგება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დიდი გაერთიანებით და მე ვარ ძალიან მოხარული, რომ 11 პოლიტიკური სუბიექტი განსხვავებული აზრებით, დავჯექით ერთად, მოვილაპარაკეთ და შექმენით ნამდვილი ოპოზიციური გაერთიანება, ერთადერთი პოლიტიკური ძალა - ძალა ერთობაშია,“ - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემაც. მისი თქმით, დღეს ბრძოლა ფულსა და ხალხის ნებას შორის მიდის.

„მე დღეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოვადგენ. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, როგორც ყველა ჩვენთაგანი. მე დღეს უბედნიერესი ვარ, რომ მოვიდა ბოლოს და ბოლოს ხალხი გონზე და ფაქტიურად, ერთი კვირით ადრე, ჩვენ უკვე არჩეული გვყავს ჩვენი პრეზიდენტი მთელს საქართველოში,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მსოფლიო ბანმა „ქართული ოცნების“ რჩეული კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი ტელე ეთერით გამოსვლა შეაფასა. 

„მე ეგეთი საცოდაობა არ მინახია. ელოდებოდა მთელი ხალხი, ვინც იქ იჯდა და თუ ეს ქალბატონი აზრს ბოლომდე მიიყვანდა და ხალხი გაიგებდა რაზე ლაპარაკობდა, ხალხი ტაშს უკრავდნენ. მეტი არაფერი არ იყო. როდემდე  შეიძლება ასე გაგრძელდეს,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

დღის ამბები