26 დეკემბერი 2024,   15:45
ვრცლად
დავა „რაკიასთან“, საეჭვო გარიგებები და იდუმალი მყიდველები - ვანო ჩხარტიშვილის ათეულობით მილიონ დოლარად შეფასებული ქონება

ვანო ჩხარტიშვილის სასამართლო დავა არაბულ კომპანია რაკიასთან - ვანო ჩხარტიშვილმა მის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი მოამზადა და 50 მილიონი ლარის ანაზღაურება მოითხოვდა. ბიზნესმენი მაშინ ამტკიცებდა, რომ მის კომპანიებს 2010 წელს ფოთის პორტმა გრძელვადიანი კონტრაქტები პოლიტიკური მოტივით შეუწყვიტა და ამით 50 მილიონი ლარის ზიანი მიაყენა. პორტის მფლობელი სწორედ რაკიაა.

ამ პერიოდში რაკიას ქართული წარმომადგენლობის უფროსად პარტია ქართული ოცნების მაშინდელი პრესსპიკერი, გიორგი გეგეჭკორი, დაინიშნა.

პირველმა ინსტანციამ დავა სწორედ ჩხარტიშვილის სასარგებლოდ დაასრულა და გადაწყვიტა, რომ მისთვის კონტრაქტების შეწყვეტას პოლიტიკური სარჩული ედო.

2016 წელს მოსამართლემ არაბებს 50-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. უცხოელ ინვესტორს მოსამართლის გადაწყვეტილება აღარც გაუსაჩივრებია.

სასამართლო გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა ჩხარტიშვილსა და არაბულ რაკიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ჩხარტიშვილმა უცხოელებს 11 მილიონი დოლარი გადაუხდა და სანაცვლოდ გაცილებით დიდი ღირებულების უძრავი ქონება მიიღო. ჩხარტიშვილმა დიდი ფართობის მიწები სხვადასხვა ადგილას მიიღო. თითოეული ამ ნაკვეთის საბაზრო ღირებულება რამდენიმე მილიონ დოლარია.

ოპოზიციას კითხვები აქვს, თუ რა გარიგება შედგა რაკიასა და ჩხარტიშვილს შორის და ხომ არ ჩაიგდო ხელში ბიზნესმენმა ქონება შემოვლითი გზით. საეჭვო ტრანზაქცია მოძრაობა ძალა ერთობაშიას წარმომადგენლებმაც შეისწავლეს.

მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ სახეზეა ქონების კორპორატიული რეიდერობის კლასიკური სქემა, რომლის სათავეშიც სახელისუფლებო გავლენის მქონე ოლიგარქები არიან.

ქონების ჩხარტიშვილზე გადაფორმების შემდეგ ბათუმის ცენტრსა და გონიოში მდებარე მიწები მან სხვა ბიზნესმენებს მიჰყიდა, გარკვეული ტერიტორია კი ჩხარტიშვილის სმარტ კაპიტალს გადაეცა. 8,5 მილიონ ლარად გაიყიდა თბილისის მოლთან მდებარე 25 000 კვადრატული მეტრიც. კომპანია, რომელმაც მიწის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა, კახაბერ ნადირაშვილს ეკუთვნის.

რაც შეეხება კიდევ ერთ ტერიტორიას, ჯამში ერთ მილიონ 650 000 კვ.მ-ს, ჩხარტიშვილმა ის საერთოდ უსასყიდლოდ დავით გოგიშვილს დაუთმო.

ამავე ტერიტორიაზე კიდევ 150 000 კვადრატული მეტრი მიწა ჩხარტიშვილმა მის ბიზნესპარტნიორებს გადაუფორმა სხვადასხვა კომპანიაში. თითქმის, 100 მილიონ ლარად შეფასებული ქონება გაურკვეველი პირების სახელზეა გაფორმებული.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ჩხარტიშვილი ფრთხილობს და ამგვარად ბიზნესმენმა ე.წ. პატიოსანი მყიდველის ცნება შემოიტანა სქემაში, რომელსაც წესით, საგამოძიებო უწყებები უნდა სწავლობდნენ.

საეჭვო გარიგების დეტალებსა და იდუმალ მყიდველებზე არ საუბრობს თავად ვანო ჩხარტიშვილი. მისი თქმით, ჩვენთვის საინტერესო კითხვები კომერციულ საიდუმლოს უკავშირდება.

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი 

დღის ამბები