26 დეკემბერი 2024,   23:39
ვრცლად
"ძნელია დაჯერება, რომ ადამიანები საკუთარი სურვილით წირავენ ფულს" - ოპოზიცია ზურაბიშვილის შემომწირველების სიას ეხმაურება

"მმართველი ელიტა და მათ გარშემო არსებული ორგანიზებული ჯგუფები ყველანაირად ცდილობენ, დაეხმარონ ივანიშვილის პოლიტიკურ პროექტს რეალიზებაში," - ასეთია ოპოზიციის შეფასება სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებით.

როგორც ირკვევა, ოცნების რჩეული კანდიდატის შემომწირველებს შორის არიან, როგორც საჯარო მოხელეები, ასევე ბიზნესმენები. ყველაზე მეტი თანხა კი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა და მისმა გარემოცვამ მიიღო. ასევე, საკმაოდ დიდი თანხა გაიღო კანდიდატის ფონდისთვის ქართუ ბანკის მენეჯმენტმაც.

ენმ-ში ამბობენ, რომ შემომწირველთა ვინაობიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი დაიცვას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენების ინტერესებს.

„ეს არის კორუმპირებული ინტერესების გაერთიანება  ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ამომრჩევლების უმრავლესობას არ სურს სალომე ზურაბიშვილის არჩევა პრეზიდენტად, ვხედავთ, რომ მმართველი ელიტა და მათ გარშემო არსებული ორგანიზებული ჯგუფები ყველანაირად ცდილობენ, დაეხმარონ ივანიშვილის პოლიტიკურ პროექტს რეალიზებაში და დააფინანსონ სალომე ზურაბიშვილი. ეს ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის სახალხო კანდიდატი. ის  ქართველი ხალხის ინტერესებს არ დაიცავს და ის იქნება ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ბიზნესწრეების წარმომადგენელი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ევროპულ საქართველოში კი დარწმუნებულები არიან, რომ ბიზნესმენები ფულს კანდიდატს საკუთარი ნებით არ სწირავენ.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, თუ როგორ არეკეტებს ხელისუფლება კერძო ბიზნესს.

„ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ ადამიანები საკუთარი სურვილით წირავენ ფულს და სერიოზულ თანხებს  კანდიდატს, რომლის სიტყვებსაც რუსეთი იყენებს მტკიცებულების სახით სასამართლოში საქართველოს საზღვრების  შესაცვლელად. ბევრი მაგალითი იხილა საზოგადოებამ და ამ შემთხვევაშიც, ამ ახალა შემთხვევაშიც ბევრია მაგალითი იმისა, რომ იძულებასთან გვაქვს საქმე. სხვადასხვა ფორმის იძულებასთან, იქნება ეს ბიზნესის იძულება, ამის მაგალითებიც ვიხილეთ, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქეების იძულება, რომლებსაც სესხები აქვთ და არ გააჩნიათ თანხები ამხელა შემოწირულობების გასაკეთებლად,“ -განაცხადა გიორგი კანდელაკმა.  

დღის ამბები