26 დეკემბერი 2024,   23:38
ვრცლად
"გარყვნილები არიან და სახლში არიან წასასვლელები ყველანი" - აჭარასა და გურიაში გლდანის ციხიდან გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს აფასებენ

საქართველოს რეგიონებში გლდანის ციხიდან გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს აფასებენ, სადაც ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ხვდება და სხვადასხვა გახმაურებული საქმის შესახებ ესაუბრება.

აჭარასა და გურიაში მოსახლეობა აცხადებს, რომ სჯერა იმ ქმედებების შესახებ, რაზეც მირზა სუბელიანი საუბრობს, მათ შორის, ხელისუფლებასთან დადებულ გარიგებაზე.

მოსახლეობის თქმით, აუდიოჩანაწერიდან გაგებული ფაქტები, მათ შორის, ადამიანების გატაცება და წამება 1990-იან წლებში დაბრუნების ტოლფასია. ისინი აცხადებენ, რომ მოქალაქეებს ხელისუფლების იმედი უნდა ჰქონდეს და არა შიში.

„მთავრობა ავალდებულებდა მას, რომ ჩვენ დაგიფარავთ ამას ყველაფერს შევიმუშავებთ, ერთ წელში ციხეს მოგცემთ, მეორე წელიწადს შეწყალებას მოგცემთ, გამოგიყვანთ, ოღონდ შენ სიმართლეს აუხვიე და ტყუილები ილაპარაკე, ეს იყო მისი მიზანი. ეს იყო მისი მოქმედება, ამ უნიათო მთავრობის ხელში ჩვენ ყველაფერს მოველით, მკვლელობასაც, გაუპატიურებასაც და უსინდისო მოქმედებებსაც,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სუბელიანი მთავრობასთან შეთანხმებით მოქმედებდა.

„თუ ეს სიმართლე მართლა ასე დამტკიცდა, მაშინ ეს მთავრობა თუ ვინმეს ენდომება, აზრზე არ ვარ უკვე, მართლა რომ წარღვნა იქნება ჩვენი, ვინმე რომ ამას აირჩევს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მოსახლეობა ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ მირზა სუბელიანი სრულ სიმართლეს იტყვის, ვინ ავალებდა მას ამ ყველაფრის გაკეთება. მათი თქმით, თუ ივანიშვილის ზურგი არ იქნებოდა, ამას არ მოიმოქმედებდა.

მოსახლეობა ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევასაც ეხმაურება, რაზეც აუდიოჩანაწერის მიხედვით, სუბელიანმა აღნიშნა, რომ ციხეში ყოფნა ხელისუფლებასთან გარიგების ნაწილია და არა მართლმსაჯულების გადაწყვეტილება.

მოსახლეობა ფიქრობს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს.

„გარყვნილები არიან და სახლში არიან წასასვლელები სულ ყველანი,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

დღის ამბები