26 დეკემბერი 2024,   23:41
ვრცლად
"ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ თავიანთი ინტერესები დაიცვან" - ქვემო ქართლში სკანდალურ აუდიოჩანაწერებს აფასებენ

ქვემო ქართლის მოსახლეობა გლდანის ციხიდან გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს აფასებს, სადაც მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად ფიგურირებს და იმ გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს, რომლის მოგვარებაშიც ხელისუფლებას ეხმაურებოდა.

მოსახლეობა ჩანაწერების ნამდვილობაში დარწმუნებულია და შესაბამისად, ეჭვი არ ეპარებათ იმ ფაქტების ნამდვილობაში, რაზეს მირზა სუბელიანი საუბრობს.

„სუბელიანს ამის თქმის საფუძველი რომ არ ჰქონოდა, არ იტყოდა და შესაბამისად, არც აუდიოჩანაწერი იარსებებდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუდიოჩანაწერებიც ავთენტურია და სუბელიანიც. რასაც ამბობს ისიც შესაბამისია.“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მირზა სუბელიანი ხელისუფლებასთან გარიგებულია და ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ მმართველი გუნდი აფარებს ხელს ზაზა სარალიძის შვილის მკვლელებს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ხორავას ქუჩის საქმეს არ გამოიძიებენ, რადგან ამაში დიდი თანამდებობის პირები არიან ჩარეულები.

„გენპროკურორი გადააყოლეს მაგ საქმეს, კვირიკაშვილი გადააყოლეს მაგ საქმეს, მაინც არ გახსნიან მაგ საქმეს და იცი, რატომ? მანდ არის ჩარეული ხელისუფლება, იქ დიდი ხალხი არიან ჩარეულები, რომლებიც დღეს ისევ თანამდებობაზე არიან,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მოსახლეობა კრიტიკულად აფასებს იმ ფაქტს, როდესაც სუბელიანი ყვება, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად ისიც მონაწილეობდა ხალხის გატაცებასა და მათ ცემაში. ქვემო ქართლის მოსახლეობა ამბობს, რომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მირზა სუბელიანი გაბრაზებულია ხელისუფლებაზე და სწორედ ამიტომ საუბრობს ამ საქმეებზე.

„მე მაინც მგონია, რომ რაღაც გარიგების მაგვარი არის. შესაძლებელია და რაღაცაზე გაბრაზდა და უკვე გაბრაზებული ადამიანის პოზიცია ხომ იცით, მწვავეა, კრიტიკულიცაა, შეიძლება, მომთხოვნიც არის ამ წუთში,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მირზა სუბელიანი სიმართლეს ამბობს, როდესაც ადამიანების გატაცებასა და წამებაზე საუბრობს.

„მჯერა, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ თავიანთი ინტერესები დაიცვან,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ სუბელიანის ჩანაწერი დადგმულია.

დღის ამბები