26 დეკემბერი 2024,   23:29
ვრცლად
"ერთი მხედრიონის ნაცვლად რამდენიმე მხედრიონია, ასეთ პროცესებს მივყავართ სახელმწიფოს ჩამოშლამდე" - თბილისელები სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე

„ხელისუფლებამ ძალიან ცუდი რამ ჩაიდინა, რომელიც დაუბრუნდება მას ბუმერანგივით უკან,“ - ასე ეხმაურებიან თბილისელები გლდანის ციხიდან გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად ფიგურირებს.

აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე საუბრობს, რომლის დალაგებაშიც ხელისუფლებას დაეხმაურა, მათ შორის, ხორავას ქუჩის საქმეზე. სუბელიანი ამბობს, რომ ციხეში საკუთარი ნებით წავიდა და ხელისუფლებასთან შეთანხმებულია, რამდენ ხანს უნდა იჯდეს ციხეში.

თბილისში დარწმუნებულები არიან, რომ მირზა სუბელიანი ჩანაწერში სიმართლეს საუბრობს, რადგან, მოსახლეობის თქმით, ტყუილის საფუძველი არ ჰქონდა იმიტომ, რომ ახლობლების გარემოცვაში ლაპარაკობდა.

მოსახლეობა ამბობს, რომ სკანდალურ აუდიოჩანაწერში ნახსენებ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებაა გარეული ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების შეფერხებაში და ამიტომ ვერ დადგინდება სიმართლე. თბილისელები ამბობენ, რომ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელებს სწორედ ხელისუფლება მფარველობს.

„თვითონ სახელმწიფოა დამნაშავე და გარეული ამ ფაქტში და ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის დანაშაული იმიტომ, რომ როგორც ბოლო აქციებმა დაგვანახა, ძალიან ცოტა ხალხი თუ რეაგირებს ამ ყველაფერზე,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მოსახლეობა ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს.

„კი იძახდა ზაზა სარალიძე, რომ მე შევეჯახე სახელმწიფოს, შევეჯახე სისტემას და მართალი აღმოჩნდა, ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობა ასევე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორუფცია არის.

„მე ამის მერე ან ხალხს ვეტყოდი სიმართლეს ანდა საერთოდ წავიდოდი ამ ხელისუფლებიდან, ეს არის სირცხვილი საქართველოსთვის,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოქალაქეები სუბელიანის იმ განცხადებასაც ეხმაურებიან, სადაც ის ამბობს, რომ 50-კაციანი შეიარაღებული რაზმი ჰყავს, რომელიც მას ემორჩილება.

„ერთი მხედრიონის ნაცვლად რამდენიმე მხედრიონია ქვეყანაში. ასეთ პროცესებს მივყავართ სახელმწიფოს ჩამოშლამდე,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

დღის ამბები