26 დეკემბერი 2024,   16:47
ვრცლად
რიგით 99-ზე შეხვედრა - დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერ ყრილობაზე მმართველი პარტია სრული შემადგენლობით მივიდა

პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის შემაჯამებელი, 99-ე შეხვედრა ამომრჩევლებთან - „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის და საჯარო მოხელეების მობილიზება სალომე ზურაბიშვილის დასკვნითი საარჩევნო შეხვედრისთვის მოხდა.

საჯარო მოხელეები საქართველოს რეგიონებიდან დღეს მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს. ყველა ჯგუფს კოორდინატორი ჰყავდა, ისინი სპეციალური სიებით აკონტროლებდნენ ჩამოყვანილი სტუმრების რაოდენობას.

სპორტის სასახლის დარბაზში ზურაბიშვილის მთავარი საარჩევნო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. ზურაბიშვილი დარბაზში ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევიდა. დარბაზში ის ივანიშვილის გვერდით იჯდა, საპატიო ადგილებზე მოსაწვევები პარტიული ლიდერების გარდა, ცნობილმა სახეებმაც მიიღეს.

დედის ბოლო საარჩევნო შეხვედრისათვის სპეციალური თბილისში სალომე ზურაბიშვილის შვილები ჩამოვიდნენ. სცენაზე ოცნების რჩეული კანდიდატი შვილებმა თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებმა აიყვანეს. პარტიული აქტივისთვის პოლიტიკური გზავნილებით ზურაბიშვილს ახალი არაფერი უთქვამს. მთავარმა საარჩევნო გამოსვლამ ნიკა გვარამიას ხსენების გარეშე არ ჩაირა.

სალომე ზურაბიშვილის შვილმა ქეთევან გორჯესტანმა დღეს მედიასთან კონტაქტზე უარი თქვა. დისგან განსხვავებით ემოციური მიმართვა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის მეორე შვილს თეიმურ გორჯესტანს .

ტრიბუნასთან პირველი კახი კალაძე ავიდა. გამოსვლა ტრადიციულად „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით და 9 წლიანი მმართველობაზე საუბრით დაიწყო. შემდეგ სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიურ გამოცდილებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ პარტიის რჩეული კანდიდატი რუსეთთან ურთიერთობაში დადებით როლს ითამაშებს.

ოპონენტების კრიტიკა ისმოდა „ქართული ოცნების“ ლიდერების სხვა გამოსვლებშიც. პარლამენტის თავმჯდომარეც და პრემიერ-მინისტრიც ამბობდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ტიპის კამპანია ჩაატარა.

დღეს ტრიბუნასთან არ მისულა ბიძინა ივანიშვილი, მან ამომრჩევლებს ჟურნალისტების საშუალებით მიმართა.

ბიძინა ივანიშვილს პირველი ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების იმედი არ აქვს. ამბობს, რომ არსებობს მეორე ტურის ალბათობა, ამიტომ მან პარტიულ აქტივს 28 ოქტომბერს საყოველთაო მობილიზება სთხოვა.

სალომე ზურაბიშვილის დასკვნითი შეხვედრა პარტიულ აქტივთან დღეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიმღერით - "ჩემი საქართველო აქ არის" დასრულდა.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები