26 დეკემბერი 2024,   16:47
ვრცლად
დაანონსებული ფარული ჩანაწერი უკრაინულ საიტზე - ვებგვერდის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია არეულობას გეგმავენ

დაანონსებული ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება დაიწყო - უკრაინაში დარეგისტრირებულ ვებგვერდზე აუდიომასალა აიტვირთა, რომელიც ვებგვერდის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანია საუბარს ასახავს.

აუდიოჩანაწერი, სადაც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორია ნახსენები, უკრაინულ ვებგვერდზე დღეს დილით გამოქვეყნდა. წესით უკრაინელი მომხმარებლისთვის გათვლილ ვებგვერდზე ჩანაწერი ქართულადაა გამოქვეყნებული და მას უკრაინული ტიტრი არ ადევს.

უკრაინულ საიტზე განთავსებული აუდიოჩანაწერის წყაროს ცნობით, სააკაშვილი და ალასანია საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის რადიკალიზაციას და არეულობას გეგმავენ.

ვებგვერდი zdes.com.ua ინტერნეტსივრცეში 2015 წლის დეკემბრის დარეგისტრირდა, სამი წლის განმავლობაში საიტზე არანაირი ინფორმაცია არ ატვირთულა. ვებ გვერდი ჩანაწერის გამოქვეყნების წინა დღეს გაააქტიურეს. პირველი რამდენიმე მასალა, რომელსაც თარიღი არ აწერია ღამით აიტვირთა, ბოლო ჩანაწერი კი დღეს დილით.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მსგავსი ჩანაწერების წინა საარჩევნოდ გამოქვეყნებას ბოლო დღეებია, აანონსებს. მისი ინფორმაციით, ამგვარი აუდიო მასალების ფაბრიკაციით სუს-ია დაკავებული.

მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია დარწმუნებულია, რომ ჩანაწერი ფაბრიკაციაა და წინასაარჩევნოდ მის გამოქვეყნებას კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს.

დღეს გავრცელებული აუდიო მასალის ფაბრიკაციაზე საუბრობს ელისო კილაძეც. გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ მასალაში თემურ ალასანიას ხმა არ არის.

ჩანაწერი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა. „ნაციონალური მოძრაობა“ აუდიომასალის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს. მმართველი გუნდი კი ძირითადად საუბრის შინაარსზე აპელირებს.

დაიწყება თუ არა არჩევნებამდე სამი დღით ადრე კიდევ ერთი გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ჯერ უცნობია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები