26 დეკემბერი 2024,   16:57
ვრცლად
ბავშვები, რომლებიც სუნთქვის პრობლემების გამო, საავადმყოფოში ცხოვრობენ - ოჯახს, სოციალური დახმარება მოუხსნეს

ოჯახს, რომლის წევრებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, სოციალური დახმარება მოუხსნეს. მიქაიების სამივე შვილი სუნთქვის პრობლემებით დაიბადა, მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა, ორი კი ექიმების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

გიორგი მიქაია დაბადებიდან იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ცხოვრობს. ის უკვე 5 წლის არის და ამ დრომდე მხოლოდ სასუნთქი აპარატი აცოცხლებს. მას ასაკის შესაბამისი განვითარება არ აქვს, არც საუბარი შეუძლია და არც ჭამა. უმცროსი შვილი წლის და 8 თვის ილიაც ზონდით იკვებება. ექიმები ამბობენ, რომ ძმები კლინიკის გარეთ დაიღუპებიან.

მიქაიები ზუგდიდიდან არიან, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი შვილი შეეძინათ, თბილისიდან ვეღარ მიდიან. ბავშვებისთვის აუცილებელი საკვები კლინიკაში მამას დღეში რამდენჯერმე მიაქვს, დედა ბავშვებთან რჩება. ნუკრი მიქაია წლებია, ღამეს ნათესავებსა და ნაცნობებთან ათევს.

მიქაიებს სოციალურად დაუცველის სტატუსი აგენტის მიერ დათვლილი მაღალი ქულის გამო 2016 წელს მოუხსნეს. მას შემდეგ ოჯახმა სოციალური მომსახურების სააგენტოს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

სააგენტოში მიზეზად იმ გარემოებას განმარტავენ, რომ შეფასებისას მისულ სოციალურ მუშაკს ოჯახში ავადმყოფი ბავშვები სახლში არ დახვდა.  

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები