27 დეკემბერი 2024,   07:43
ვრცლად
ქურდული მენტალობის ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ქურდად ზის - თინათინ ბოკუჩავა

„ქურდული მენტალობის ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ქურდად ზის, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი თინათინ ბოკუჩავა, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ინტერვიუს, სადაც მან თავად ისაუბრა, როგორ აგვარებს ბიზნესმენებს შორის არსებულ დავებს.

ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილის განცხადებები, სადაც ამბობს, რომ სასამართლოდან დავა ბიზნესმენებს გამოატანინა, ქურდული მენტალიტეტის მაგალითია.

„ნაცვლად იმისა, რომ ბიზნესი და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც მიდიოდნენ სასამართლოში, ის თვლის, რომ მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებები უნდა წყდებოდეს მასთან სახლში, ქურდული გარჩევების შედეგად და არა სამართლიან სასამართლოში,“ - ამბობს ბოკუჩავა.

სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებასა და არაფორმალურ მმართველობაზე საუბრისას, თინათინ ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციებიც სწორედ მსგავს ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობენ „სახელმწიფოს მიტაცებაზე“.

„ეს არის სწორედ სახელმწიფოს მიტაცება, რაზეც საუბრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და სხვა საერთაშირისო ორგანიზაციები, სადაც აღარ ფუნქციონირებს არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი და ერთი ქურდად დამჯდარი ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ვალდებულება და არანაირი ანგარიშვალდებულება ხალხთან უღებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს და TBC ბანკს შორის არსებული დავა მან მოაგვარა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩხარტიშვილს პატარკაციშვილების ოჯახთან ურთიერთობების დალაგება მოსთხოვა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ამის მსგავსად სხვა ბევრ ბიზნესმენსაც დახმარებია და სასამართლოდან დავები გარეთ გამოუტანია.

დღის ამბები