27 დეკემბერი 2024,   07:01
ვრცლად
საქართველოში არსებობს პოლიტიკური პატიმარი - ვანო მერაბიშვილი პოლონეთის სეიმის წევრებმა მოინახულეს 

ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში, პოლონეთის სეიმის წევრებმა მოინახულეს.
ყოფილ პრემიერთან შეხვედრა, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.  ისინი,  ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ და საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, დროულად მოხდეს ჰორნერის სინდრომის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

პოლონეთის სეიმის წევრმა, მარგარიტა გოშევსკამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. მისი თქმით, ამ ფაქტს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები და სტრასბურგის სასამართლო არასასიამოვნოდ აღიქვამს.

პოლონეთის სეიმის წევრის განცხადებით, დეკემბერში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე იგი აუცილებლად ისაუბრებს ვანო მერაბიშვილის საკითხზე.

,,მე აქ ვიმყოფები ჩემს კოლეგასთან ერთად, რომელიც პროფესიით ექიმია. ჩვენ გავეცანით ვანო მერაბიშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობას, ასევე ვისაუბრეთ პოლიტიკაზე. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად მეგობრობს საქართველოსთან და მხარს უჭირს მის ევროინტეგრაციას. ამ პირობებში ძალიან არასასიამოვნოა, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური პატიმარი და ეს არის მხოლოდ ჩვენი შეხედულება. ამაზე საუბრობენ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები და სტრასბურგის სასამართლო. ამ საკითხზე იქნება მსჯელობა დეკემბერში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და მე პირადად დაველაპარაკები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ვანო მერაბიშვილის საკითხი წინ წამოწიოს, რომ რაც შეიძლება დროულად გადაწყდეს.’’

ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, ალისია კაჩოროვსკა ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალურად საუბრობს და აცხადებს, რომ იგი, კვლევის შედეგებსაც გაეცნო.

მისი თქმით, მერაბიშვილს ზედაპირული შეფასებით, ნერვული დაზიანება აღენიშნება, რომელიც მუდმივი ხასიათისაა.

“ვანო მერაბიშვილმა მომიყვა თვისი ჩივილების შესახებ, ასევე გავეცანი მისი კვლევების შედეგებს. ზედაპირული შეფასებით მას აქვს ნერვული დაზიანება, რომელიც მუდმივი ხასიათის არის. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით სინდრომის გამომწვევი მიზეზი. ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა განსხვავდება სხვა პაციენტების მდგომარეობისგან. პატიმრობაში დარჩენამ შეიძლება მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს. ძალიან რთულია ნერვიული დაავადების მქონე პირისთვის ოთხ კედელში ყოფნა. უნდა მოხდეს გამომწვევი მიზეზის საფუძვლიანი კვლევა, მისი მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დამძიმდეს, ამიტომ კარგი იქნება თუ მას გაათავისუფლებენ და ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ,"-განაცხადა,ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, ალისია კაჩოროვსკამ.

დღის ამბები