27 დეკემბერი 2024,   07:07
ვრცლად
ყოველთვის იყო მცდელობები, რომ წამოვეგეთ პროვოკაციებზე - მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ყოველთვის იყო მცდელობები, რომ წამოვეგეთ პროვოკაციებზე“ - ეს განცხადება, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ გააკეთა.

ამ წუთებში პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხშირად ხდებოდა პროვოკაციების მოწყობა.

„მოვითხოვ, პირველ რიგში, იქნას სარალიძე გათავისუფლებული,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილი იმ სამართალდამცავის გვარს ასახელებს, რომლის მორიგეობის დროსაც პროვოკაციები ეწყობოდა. მაჩალიკაშვილის თქმით, საფთხობელაშვილის მორიგეობის დღეს ხდებოდა პროვოკაციების მოწყობა. 

მისივე განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, შვილმოკლული მამების აქციები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. 

„მე მაინც იმედს ვიტოვებ, ზაზას გამოუშვებენ, ამდენად სასტიკები არ იქნებიან, არ მგონია. სასტიკები და არაადამიანები რომ არიან, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ ამდენად მხეცურად არ მოექცევიან, გამოუშვებენ ზაზას. თუ არადა მაგას ცოტა დროით გააჩერებენ, აქციები არ შეწყდება, აქციები გაგრძელდება, აქციას მასშტაბური ფორმა მიეცემა,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ზაზა სარალიძე ამ წუთებში ინგოროყვას კლინიკაში რჩება, სადაც ის შსს-დან გადაიყვანეს.

დღის ამბები