27 დეკემბერი 2024,   06:45
ვრცლად
პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიტიკოსები მივიდნენ

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიტიკოსები მივიდნენ. ისინი ზაზა სარალიძის გათავისუფლებას ითხოვენ.

„ვითხოვ ზაზა სარალიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ - განაცხადა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე შეცდომად აფასებს სამართალდამცავების ქმედებას, როდესაც მათ ზაზა სარალიძეს კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცა.

აქციაზე ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა განმარტავს, რომ დღვანდელი ხელისუფლება, კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არღვევს, რომლის მაგალითიც, ზაზა სარალიძის დაკავებაა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული არეულობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში აღარ იქნება, როცა ქართველი ხალხი საკუთარ არჩევანს “ქართული ოცნების’’ საწინააღმდეგოდ დააფიქსირებს. 

“მშვიდობიანი პროტესტი გარანტირებულია კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ამიტომ ეს აკრძალვა სრულიად უკანონოა, ეს ერთი და მეორეც, ოლიგარქი ისეა გათავხედებული, რომ გონია, რომ  ყველაფერი გაუვა. ეს ყველაფერი 2 დღეში დამთავრდება. ეს ფაქტიც, შვილმკვდარი მამის დაპატიმრებაც, ნიშნავს ერთ რაღაცას, ადამიანი, ვისაც აიძულებენ, რომ საკუთარ ხელში აიღოს მართლმსაჯულება და როცა სახელმწიფო არ მუშაობს, სწორედ ასე ხდება.’’ - განაცხადა ნიკა რურუამ.

აქციაზე იმყოფებიან "ევროპული საქართველოს" ლიდერებიც. მათ შორის არის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძეც. 

ამ წუთებში პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მისულები ხორავას ქუჩაზე მოკლული, დავით სარალიძის მამის დაკავებას აპროტესტებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ზაზა სარალიძე ამ წუთებში ინგოროყვას კლინიკაში რჩება, სადაც ის შსს-დან გადაიყვანეს.

დღის ამბები